კახა კალაძე დამეწყრილ ფერდობზე: სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს

„სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არა აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მერის თქმით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული და შეიზღუდა მოქალაქეების შეშვება:

„ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, იქ არ შევუშვათ მოქალაქეები. ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს და მერე ჩამოაქვთ არასწორი ინფორმაცია, აქვთ მცდელობა პანიკა დათესონ. თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა და შეუძლიათ, სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მან განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მონიტორინგის სპეციალური სისტემის დამონტაჟების შესახებ და არსებობს ასევე გერმანელი ინჟინერ-გეოლოგების შეთავაზება, მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრებითი სამუშაოები და დრენაჟი.

კახა კალაძემ სხდომაზე მედია და ექსპერტები მეწყრული ზონის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაევალა, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართოს ის პირები, რომლებიც დედაქალაქში მეწყერსაშიში ზონების თემაზე მუშაობენ და სურთ, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ.

ასევე ნახეთ მეწყერი ცურდება - ქალაქმა ისევ არ იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.