WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოში მეოთხე კვირაა იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, მეოთხე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლოში აღირიცხა 3.3 მილიონამდე ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 8%-ით მეტია. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლენილია ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 60 400-ზე მეტი ადამიანი, რაც წინა კვირასთან შედარებით, 3%-ით მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გარდაცვალების და ინფიცირების შემთხვევებიდან თითქმის 80% მოდის ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 24 მარტისთვის, მსოფლიოს 135 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინის 468 მილიონზე მეტი დოზა.