ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".

მოსმენაზე მოხსენებით გამოვიდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი, რომელმაც ილაპარაკა საქართველოს საგარეო გამოწვევებზე - რუსეთის, როგორც დესტაბილიზაციის წყაროზე. თავის გამოსვლაში მან მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ქვეყნის შიდა პრობლემებს და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.

"მელიას დაპატიმრება იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის" - თქვა ჯორჯ კენტმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაპატიმრებასთან დაკაშირებით, რამაც მისი სიტყვებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა - „ვერც ქართულმა ოცნებამ და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხეს დეესკალაციის შესაძლებლობების გამოყენება“- შენიშნა კენტმა.

მოგვიანებით, სენატორ შაჰინის კითხვაზე, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას მელიას დაპატიმრება, და როგორ დაეხმარებოდა ამ პრობლემის გადაჭრა და მისი გაშვება, ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას, ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ წინა პრემიერმა დაინახა სახიფათო ნიშნები მელიას დაკავებაში და ამის გამო გადადგა თანამდებობიდან. კენტმა იქვე დაამატა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი როდესაც მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, რაც საბოლოო ჯამში უკავშირდება დემოკრატიის წესებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მნიშვნელობას ყველა პოლიტიკური ძალის მიერ.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დროულად უნდა მოხდეს, ეს პროცესი საქართველოს ინტერესებს აზიანებს- თქვა კენტმა და დაამატა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას კიდევ უფრო დაუცველს ხდის რუსეთის უარყოფითი გავლენებისგან.

მისივე თქმით, კრიზისი 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, მაგრამ „კრიზისის ძირები“ უფრო ძველია.

გამომსვლელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ არჩევნები დადებითად შეაფასა, იქვე მიუთითა, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლამ შეამცირა ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა.

"სამწუხაროდ, ოპოზიციის წევრთა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, თუმცა გამოკითხვები მოწმობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს, რომ მათ პარლამენტში დაიკავონ ადგილი", - აღნიშნა კენტმა.

„ჩვენი აზრით, ამჟამინდელი ჩიხი თბილისში მომდინარეობს ათწლეულების განმავლობაში არსებული ვითარებიდან საარჩევნო და სასამართლო სისტემებში, მათ შორის სასამართლო სისტემისადმი უნდობლობით, რომ მას არ შეუძლია სათანადო პროცესების უზრუნველყოფა. ჩიხი ნათელყოფს მეტი რეფორმების აუცილებლობას, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ნორმების დაცვა და საარჩევნო პროცესი.“

თავისი გამოსვლის ბოლოს კენტმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გააკეთონ რთული კომპრომისი და ხელი შეუწყონ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას.

ასევე ნახეთ:

ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტისადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა

ჯეიმს რიში: კრიზისზე ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა„ქართულ ოცნებას“ ეკისრება

კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“

ჯორჯ კენტი: "ოცნებამ" შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ არიან კი ქართველები იმ ღირებულებებისერთგულნი, რომლებიც ამ გზაზე წაიყვანს?

საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზედაისვა კითხვა