ხელისუფლება ფარულად უთვალთვალებს ხელისუფლებას? — ჩანაწერებზე მარტივად

23 მარტს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე, რომელშიც სუს-ის აგენტი ამტკიცებს, რომ შს მინისტრის მოადგილე უკანონო დავალებებს აძლევდა. მაგალითად, პირადი ცხოვრების კადრების მოსაპოვებლად დაემონტაჟებინა სათვალთვალო აპარატურა სხვადასხვა ადამიანის, მათ შორის, პოლიტიკურად აქტიური პირების სახლებში. საქმე, ასევე, აღიძრა კიდევ ერთი ტელეკომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფარული კამერით უთვალთვალებდნენ თავად მინისტრის მოადგილეს, საკუთარ სამუშაო კაბინეტში.

გამოძიების პარალელურად, კახაბერ საბანაძემ დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა და ეს გადაწყვეტილება „გამოძიების ნდობის უზრუნველყოფის მიზნით” ახსნა.

ერთი კადრი: ათობით საიდუმლო ჩანაწერის ანონსი?

20 მარტს „ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის კაბინეტში გადაღებული ფოტო. მისი მიმწოდებელი წყარო - არხის ინფორმაციით - ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ერთი კადრია ვრცელი, ფარულად გადაღებული ვიდეოდან, რომელიც 2019 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.

კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილედ 2017 წელს დანიშნა მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა 2019 წლის 8 სექტემბერს. მანამდე საბანაძე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე.

ფოტოზე ჩანს, რომ საბანაძე ვიღაცას ესაუბრება, თუმცა უცნობია ვის. კადრი, დიდი ალბათობით, საბანაძის კაბინეტშია გადაღებული, რასაც სხვა, საჯაროდ გადაღებულ ფოტოებთან შედარება მოწმობს.

„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო / კახა საბანაძის კაბინეტში გადაღებული საჯარო ფოტო

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სრული ვიდეოჩანაწერის შინაარსი მათთვის უცნობია, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გატანილია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერის ათობით ჩანაწერის ასლი. ​

„ვინ გადაწერა საიდუმლო ფაილები და ვის გადასცა, ჩვენთვის უცნობია“, - ამბობენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერების გაჟონვის თარიღი ემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, 31 წლის ივანე გულაშვილის დაკავებას, სავარაუდოდ, სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის ბრალდებით.

„ბევრი ჩანაწერები მაქვს, რის გამოც შეიძლება მომკლან“ - ვინ არის ივანე გულაშვილი?

სანამ დააპატიმრებდნენ, 2019 წლის 24 ნოემბერს ივანე გულაშვილი „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი საქმიანობის შესახებ ჰყვება.

„მას შემდეგ ივანე გულაშვილი აღარ გამოჩენილა. და ჩვენც ვეღარ მივაკვლიეთ მას. მისი თანხმობის გარეშე საფრთხეს მას ვერ შევუქმნიდით, ამიტომ ინტერვიუ გადავდეთ არქივში“, - თქვა გიორგი გაბუნიამ, „მთავარის“ ჟურნალისტმა და მაყურებელს ინტერვიუ ჩაწერიდან თითქმის 1,5 წლის დაგვიანებით შესთავაზა - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე „ტვ პირველმა“ გულაშვილის ვინაობა გაასაჯაროვა.

„აღარ მინდა ასე ცხოვრება“, - ასე ხსნის ივანე გულაშვილი „მთავართან“ კავშირზე გასვლას და შიშობს, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

ინტერვიუში გულაშვილი ჰყვება, რომ ფორმალურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაფორმებულია როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი. თუმცა რეალურად მისი საქმე ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება და დავალებებს ერთადერთი უფროსისგან, კახა საბანაძისგან იღებს. [მანამდე, მისივე თქმით, დირექტივებს იღებდა ნიკოლოზ შარაძისგან, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსია].

„ბევრი ჩანაწერები მაქვს, რომლის გამოც შეიძლება მომკლან”, - აცხადებს ინტერვიუში გულაშვილი და ამატებს, რომ კახა საბანაძისგან, მათ შორის, უკანონო დავალებებს იღებდა.

20 ივნისის ბრძანებები

„ტვ პირველისა“ და „მთავარის“ ეთერში გასული ხმოვანი შეტყობინებების თანახმად, კახა საბანაძე გულაშვილს ავალებდა „გავრილოვის ღამედ“ ცნობილი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ დამონტაჟებული ეკრანისა და ხმის აპარატურის დაზიანებას.

  • სწრაფად იმოქმედეთ, სწრაფად! ხომ არის უკვე დაზიანებული?! გადმოეცი, რამდენი მონიტორია უკვე დაზიანებული. სწრაფად იმოქმედეთ, რომ არ მოხდეს ამათი დაპირისპირება. სწრაფად მითხარი, რამდენი გაქვთ დაზიანებული ჯამში.
  • გაფრთხილების ხმები იფარება და ამიტომ სასწრაფოდ გაანეიტრალეთ.
  • დასაზიანებელია, ოღონდ ისე ტექნიკურად, რომ მერე შეიძლება აღდგენასაც დაექვემდებაროს. სხვა შანსი არ გვაქვს ახლა. თუ ეგ არ განეიტრალდა, მიმართულებას ვერ მივცემთ ხალხს.
  • დააზიანე ისე, რომ არ ეტყობოდეს მექანიკური დაზიანება. ისე, რო თითქოს ბუნებრივად არის დაზიანებული. იმოქმედე დროულად.

გულაშვილის მტკიცებით, პირადად შეაგროვა პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებით აქციის დაშლის პროცესს. ეს ჩანაწერები უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, ან ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებში. თუმცა ჩანაწერები ვერც სახალხო დამცველის ოფისმა მოიპოვა.

„7 ვინჩესტერი ამოვიღე პარლამენტის სარდაფიდან, სადაც იწერდა სერვერი. შიდა და გარე კადრები“, - ამბობს ივანე გულაშვილი და განაგრძობს: „დამტვრეულია და გადაყრილია სადღაც. მაგ კადრებს ვეღარავინ ვერ ნახავს“.

ანა დოლიძის თვალთვალი

გულაშვილი იხსენებს, რომ მას ავალებდნენ სხვადასხვა ადამიანის საცხოვრებელ სახლებში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვების მიზნით. მისივე თქმით, ერთ-ერთი სახლი დიღომში, გუდვილთან მდებარეობდა და ის ანა დოლიძეს ეკუთვნოდა.

დოლიძე ადასტურებს, რომ მისი სახლი დიდ დიღომში მდებარეობს და მისი შიდა ინტერიერი ემთხვევა გულაშვილის აღწერას - არის პატარა, ოროთახიანი ბინა; შესასვლელშივე იყო პოლიტიკოსის, მისი ბავშვის და მისივე დის სურათები; აქვს პატარა აივანი, სადაც თავიდან იყო ველოსიპედი.

რაც არ ემთხვევა, არის დრო - 2014 წელს, როცა ანა დოლიძის სახლში, სავარაუდოდ, სათვალთვალო აპარატურა დაამონტაჟეს, ის საქართველოში არ ცხოვრობდა.

Your browser doesn’t support HTML5

ანა დოლიძე - "არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ კახა საბანაძე გადადგა და ამით დამთავრდა"

მუსლიმთა შეიხის შანტაჟი

ივანე გულაშვილი, ასევე, აცხადებს, რომ ვირუსი ჩატვირთა სრულიად საქართველოს მუსლიმთა ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერში.

„ჩვეულებრივი ვირუსია - ისმენ, კამერას რთავ ისე, რომ ვერც ხვდება ადამიანი“, - ამბობს გულაშვილი.

აქპეროვი ამტკიცებს, რომ 2013 წელს ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს და პირადი ცხოვრების კადრების მუქარითა და შანტაჟით თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს.

გიორგი რურუას თვალთვალი

ივანე გულაშვილის განცხადებით, მას, ასევე, დაავალეს გიორგი რურუას მანქანისთვის GPS მოწყობილობის დამაგრება, რომლითაც მის მოძრაობას დააკვირდებოდნენ.

გიორგი რურუა - რომელიც 20 ივნისის შემდეგ ანტისამთავრობო, ანტისაოკუპაციო აქციების სერიას აფინანსებდა და ასევე, თანამფლობელია ოპოზიციური „მთავარი არხის“, უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 2019 წლის 18 ნოემბერს.

„რასაც ვიძახი, ყველაფრის დამტკიცება შემიძლია“, - ამბობს ივანე გულაშვილი, რომელიც ციხეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დატოვებს.