სუს-ი: მერიის თანამშრომელმა "აფრიკის დასახლებაში" უკანონო მშენებლობის მფარველობისთვის ქრთამი აიღო

აფრიკის დასახლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის მფარველობისა და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო 2500 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გასული წლის დეკემბერში, აფრიკის დასახლებაში მერიის დავალებით 12-მდე შენობა დაანგრიეს - მერია აცხადებდა, რომ შენობები დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ ააშენეს.

ეს შენობები, უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. და როგორც აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ხალხი ამბობდა, იქ მხოლოდ ოჯახები სახლდებიან, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ.

მოგვიანებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმ ადამიანების სიაც გამოაქვეყნა, ვინც მისი განცხადებით, უკანონოდ იკავებდა ტერიტორიას და თქვა, რომ ისინი არაერთხელ გააფრთხილეს. აფრიკაში მომხდარიდან რამდენიმე დღის მერე, მერიამ მსგავსი შენობები სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზეც დაანგრია - მათ მეპატრონეებს ამ შენობების დასაშლელად მერიამ ოთხდღიანი ვადა მისცა. მერე კი თავად დაანგრია.