გამოძიება დაიწყო სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე. გულაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის კახაბერ საბანაძის უკანონო დავალებების შესახებ საუბრობს.

გამოძიება მიმდინარეობს ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

კვირას, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ ივანე გულაშვილთან, სუს-ის თანამშრომელთან, რომელიც, არხის ინფორმაციით, ამჟამად დაპატიმრებულია. გულაშვილი ჰყვება, რომ მას ძალოვანი მაღალჩინოსნები ავალებდნენ სხვადასხვა ადამიანის, მათ შორის, პოლიტიკოს ანა დოლიძის სახლში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვების მიზნით.

მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა წყაროს მიერ მიწოდებული ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. ტექნიკის დაზიანების შესახებ ჰყვება გულაშვილი „მთავართანაც“.

23 მარტს, კახაბერ საბანაძე - რომელსაც ივანე გულაშვილი დავალების გამცემად ასახელებს - გადადგა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და ეს გადაწყვეტილება გამოძიების ობიექტურად წარმართვით ახსნა.