საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე, კახაბერ საბანაძე გადადგა. საბანაძე გადადგომას მის შესახებ ტელეეთერით გასულ მასალებს უკავშირებს და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.
ინფორმაცია მისი სახელით "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა, რომელიც პოსტის დადებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიქმნა. თუმცა შსს ადასტურებს მის გადადგომას და პოსტის ავთენტურობას.
"ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით", - აღნიშნულია პოსტში.
გასულ შაბათსა და კვირას "TV პირველმა" და "მთავარმა არხმა" მოამზადეს მასალები, რომელიშიც საბანაძე ფიგურირებდა. "TV პირველის" ინფორმაციით, მათ წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. მსგავსი ინფორმაცია კონკრეტულ პირზე (სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლზე, რომელიც ახლა დაკავებულია) დაყრდნობით გაავრცელა "მთავარმა არხმა" და სავარაუდოდ, საბანაძის ხმოვანი შეტყობინებაც შესთავაზა მაყურებელს. 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში იგივე პირი ყვებოდა, რომ მას ავალებდნენ სხვადასხვა პირის სახლებში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას. ამ დრომდე ამ ინფორმაციის შინაარსის გამო გამოძიება არ დაწყებულა.