პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის თავს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს და კოლეგებს ოპოზიციიდან მოუწოდებს მხარი დაუჭირონ.
„ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო, მოგესალმებით გლდანის ციხის საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!
პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ, როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია", - წერს წულაია.
პოლიტიკოსი უკმაყოფილებას გამოხატავს კოლეგების მიმართ. „ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის, თუკი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემ შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.
ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?!" - აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი წევრი.
წულაია ოპოზიციას მიმართავს, აღიარონ ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად და მისი საკითხი გაიტანონ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.
"2021 წლის 16 მარტს, გოგი წულაიამ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გოგი წულაიასთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ, სადაც ლ.ჟ.-მ გოგი წულაიას თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა. აღნიშნულის შემდეგ გოგი წულაიამ იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გოგი წულაიას შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გოგი წულაიამ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გოგი წულაიამ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გოგი წულაიამ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გოგი წულაიას მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში - ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გოგი წულაია შემთხვევიდან მალევე დააკავეს".
თავდაპირველად საქმეზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, წულაიას დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. გიგა შუშანია არ გამორიცხავს, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია და ის ბიძინა ივანიშვილის შვილის გინებისთვის უბრალოდ დასაჯეს.
„გაგინებ, მოდი და გამისწორდი“, - ასე მიმართა გოგი წულაიამ 11 მარტს ბერა ივანიშვილს, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.
„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.