მედდის საქმე - კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოჯახი ელის

28 წლის მედდას, მეგი ბაქრაძეს, მშობლიურ სოფელ ენთელში, 23 მარტს, საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე დაკრძალავენ. მერი 24 მარტს 29 წლის გახდებოდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

28 წლის მედდა 19 მარტს გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში მედდის გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად კოვიდვაქცინის მწარმოებელი კომპანიის „ასტრაზენეკასა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ.

აცრის დღე - 18 მარტი

მეგი ბაქრაძემ კოვისსაწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, 18 მარტს, 12:15 საათზე გაიკეთა. ამის შემდეგ, მან მედიას მცირე კომენტარი მისცა და კოლეგებს აცრისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, ალერგიული რეაქცია აცრიდან დაახლოებით 30 წუთში განუვითარდა. კლინიკის ექიმების ცნობით, ქალს ჯერ კანის ქავილი დაეწყო, შემდეგ, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, რასაც გონების დაკარგვა მოჰყვა. როგორც „იმედის“კლინიკური მენეჯერი, მზევინარ კაკოშვილი ყვება, ქალს ანტიშოკური დახმარება ალერგიის გამოვლენიდან რამდენიმე წამში ჩაუტარდა:

„იმუნიზაციის ოთახში „გამზადებული შპრიცით დევს“ პროტოკოლით გათვალისწინებული წამლები. იმუნიზაციის ოთახში 15 მარტიდან დგას ანტიშოკური ტუმბო. რეანიმატოლოგის მისვლასაც მხოლოდ წუთი დასჭირდა. პირველადი დახმარების შემდეგ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს“, - ასე იხსენებს ექთნის აცრის დღეს მზევინარ კაკოშვილი.

„იმედის“ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ირწმუნება, რომ მედდის დასახმარებლად კლინიკაში დაახლოებით 2 წუთში მივიდა. მისი თქმით, ის შეხვედრაზე მიდიოდა, თუმცა, მანქანა გზიდანვე მიატრიალა უკან, როგორც კი კლინიკიდან შეტყობინება შევიდა:

„იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე. გასული ვიყავი კლინიკიდან. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს. ვაპირებდი შეხვედრაზე მისვლას გუბერნიაში, თუმცა არის ისეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ თითქოს უკვე შესული ვიყავი, ვესწრებოდი შეხვედრას. მე მანქანა არც გამიჩერებია, მისულიც არ ვიყავი, ისე მოვატრიალე მანქანა, როგორც კი ზარი შემოვიდა, წამოვედი ეგრევე. ჩემს აქ მოსვლას დაახლოებით დასჭირდა 2 წუთი. მოსვლის შემდეგ იყო კრიტიკული მდგომარეობა”, - იხსენებს გიორგი აფციაური.

კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელი, დავით მაისურაძე ადასტურებს რეანიმატოლოგის სიტყვებს, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ, მისი თქმით, რეანიმატოლოგს კლინიკაში მისასვლელად 3-5 წუთი დასჭირდა:

„რეანიმატოლიგი თვითონაც აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის ის გასული იყო შეხვედრაზე, მაგრამ იქამდე არმისული, როგორც კი მიიღო შეტყობინება, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება კლინიკას, ეს არის სადღაც 3-5 წუთამდე მონაკვეთი, ის ადგილზე იყო. კლინიკა იყო მზად, ყველაფერი ჩატარდა დროულად და აქ კლინიკის პერსონალის პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, არ უნდა დადგეს“.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოსაყვანად რეანომობილი ახალციხეში თბილისიდან, სავარაუდოდ, 18 მარტის 17-დან 18 საათამდე მონაკვეთში ჩავიდა. პაციენტი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ დაახლოებით 20:00 საათისთვის შეიყვანა. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა მისი მდგომარეობა მაშინვე კრიტიკულად მძიმედ შეაფასეს.

მეგი ბაქრაძის ქმარი, მანუჩარ კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მან ცოლი ახალციხის კლინიკაში „უკვე გარდაცვლილი“ ნახა. ამის შესახებ მან ოჯახის ადვოკატს ვახტანგ ბარამიშვილსაც უამბო. ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება: „გარდაცვლილის ქმარმა აღწერა ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ნახა მეუღლე. ქალს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული მხრებამდე. მისი სიტყვებით, პაციენტი არ იყო შეერთებული აპარატზე, მასთან არ იყო ექიმი. მისი აღქმით, ქალი გარდაცვლილი იყო“.

მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მისი ბიოლოგიური სიკვდილი 12:00 საათზე დადასტურდა. ქალის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებდა, რომ პაციენტს გული რამდენჯერმე გაუჩერდა და გულის ხელახალი გაჩერება ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი.

აცრის წინა დღე - რა აბები დალია მედდამ?

მედდის ოჯახი ირწმუნება, რომ აცრის წინა დღეს, 17 მარტს, მეგი შეუძლოდ გრძნობდა თავს. ამბობენ, რომ მას თავი სტკიოდა. მედდამ დალია წამალიც, რომელიც ოჯახის წევრების თქმით, მას კლინიკაში მისცეს. რა წამალი იყო, ვინ გამოუწერა, რა ჩივილებისა და კვლევების შედეგად დაუნიშნეს მას მკურნალობა, ოჯახის წევრები ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ. მედდის ქმარი ჟურნალისტებს ეუბნება:

„პროტრომბინი ჰქონია მაღალი თუ დაბალი და მეორე, ჰემოგლობინი დაბალი. წამალი დამალევინესო და თავის ტკივილი დამეწყოო. ერთ აბს დავლევ ახლაო, მეორეს დილითო და უნდა გავიკეთო ვაქცინა. ვიღაცამ, ექიმმა ან მედდამ მისცა ორი ტაბლეტი. თვითონაც არ იცოდა, რა ტაბლეტი იყო, ეს მეუღლემ მითხრა“.

ამ ინფორმაციას უარყოფს „იმედის“ კლინიკური მენეჯერი მზევინარ კაკოშვილი. ამბობს, რომ მედდისთვის მედიკამენტები კლინიკის ექიმებს არ დაუნიშნავთ:

„შეიძლება მან დალია რაიმე, მაგრამ ჩვენი მითითებით და ჩვენი დანიშნული არ ყოფილა, რადგან ჩვენ ეს გავიკითხეთ და დავაზუსტეთ“.

გამოძიება - რა კითხვები აქვს ოჯახის ადვოკატს?

მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი 20 მარტს მიენიჭა. საქმეში არსებული მასალების ნაწილი უკვე გადაეცა მათი ინტერესების დამცველს, ვახტანგ ბარამიშვილს. მასალებში არსებულ დეტალებზე საუბრისგან ის, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს იკავებს. 22 მარტს, გვიან ელოდება საქმეში არსებული დამატებითი მასალების გადაცემასაც. მისი მოლოდინით, მათ შორის უნდა იყოს ახალციხის კლინიკიდან ამოღებული დოკუმენტაციაც. საქმის მასალებში უნდა იყოს იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაატარეს და შემდეგ პირველი დახმარება აღმოუჩინეს ქალს.

გამოძიება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე ახალციხეში. ვახტანგ ბარამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია ამ ორ გამოძიებას შორის იყოს ეფექტიანი, რათა აღდგეს სრული და რეალური სურათი:

„ამ დროისათვის მაქვს ის მასალები და დოკუმენტაცია, რომელიც გამოძიებამ ამოიღო თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან. გავიარე გარკვეული კონსულტაციები. ჯერჯერობით, თავს ვიკავებ კონკრეტული დეტალების დაზუსტებისგან. როდესაც გვექნება ახალციხიდან ამოღებული სამედიცინო ისტორია, შემდეგ შევძლებთ მთლიანი სურათის აღდგენას და დეტალებზე საუბარსაც“.

ადვოკატის თქმით, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ გულის კუნთის ელექტრული აქტივობა შენარჩუნებული იყო. რაც შეეხება ტვინის აქტივობას, ვახტანგ ბარამიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ უახლოეს დღეებში ილაპარაკებს.

ადვოკატი შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურას და დამატებით ითხოვს გარკვეული საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას:

„მათ შორის, ახალციხეში მოწმეების გამოკითხვას. გარდა ამისა, კამერების ჩანაწერების შემოწმება იქნება საჭირო, რათა დავაფიქსიროთ ვაქცინაციის პროტოკოლთან თანხვედრა“.

ვახტანგ ბარამიშვილი მოითხოვს მედდის სისხლის ორი ნიმუშის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც:

„ერთი ნიმუში ახალციხეშია აღებული და მეორე თბილისში. სისხლის ექსპერტიზამ მრავალმხრივი პასუხი შეიძლება მოგვცეს, მათ შორის, იცით, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქალს აცრამდე გარკვეული აბები ჰქონდა მიღებული. ეს ალბათ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება იმის შეფასებისას, რამდენად სწორად მოხდა ანამნეზის შედგენა ვაქცინაციამდე და ვაქცინაცია უნდა განხორციელებულიყო თუ არა საერთოდ. ხომ არ არსებობდა ამის გამომრიცხავი გარემოებები? შემდეგ, კითხვის ნიშნები არსებობს თავად ვაქცინაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით. რამდენად სწორად მოხდა და რამდენად დროული იყო რეაგირება. საერთოდ სწორად იყო თუ არა ამოცნობილი პაციენტის მდგომარეობა და მოხდა თუ არა სწორი მკურნალობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გამოძიების ინტერესები არ მინდა დავაზიანო და არ მინდა ნაადრევი კომენტარები გავაკეთო. ძალიან დიდი ფანჯარა არსებობს ახლა სპეკულაციებისთვის. რომ მიხვდეთ ჩვენს მოტივაციას, თუ რატომ არ ვიძლევით გარკვეულ ინფორმაციას: პირველი, არ გვინდა, ამით გამოძიება დაზიანდეს. და მეორე, ეს ისრები არ უნდა იყოს გადამისამართებული კონკრეტული ადამიანების მიმართ. უნდა დადგინდეს ყველა დეტალი, რამაც გამოიწვია ფატალური შედეგი. ეს არ იქნება ერთი დეტალი, რომელიმე ერთი შეცდომა. შესაძლოა აღმოჩნდეს სისტემური ხარვეზი და აუცილებელია, რომ ყველა პრობლემა იდენტიფიცირდეს და შედგეს ახალი პროტოკოლი, რათა ასეთი სიტუაცია აღარ განმეორდეს“.

ოჯახი ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს

ამ ეტაპზე, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, აღებულია ფილტვისა და სისხლის ნიმუშები. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, საქმეში ალტერნატიული ექსპერტები ჩაერთვებიან:

„დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ და ვთხოვთ ექსპერტიზის ბიუროს, რომ უმოკლეს დროში გადმოგვცეს ექსპერტიზის დასკვნა“.

ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, გამოძიებამ ექსპერტიზას რამდენიმე კითხვა დაუსვა. მათ შორის, ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, ადვოკატის თქმით, ასეთია: შეიძლებოდა, რომ ვაქცინაცია ყოფილიყო სიკვდილის გამომწვევი მიზეზი? გამოძიების მიერ დასმულ სხვა კითხვებზე, ადვოკატი არ საუბრობს. ის რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნება, რომ ოჯახის ადვოკატმა გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს, სხვა კითხვებიც დაამატა. მათ შორის:

„ერთ-ერთია ანტისხეულებთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა მეგის ანტისხეულები, რადგან ვაქცინაციის პროტოკოლით, გარკვეული დრო უნდა გავიდეს კოვიდის გადატანიდან აცრამდე. ასევე დავუსვით კითხვა თრომბთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობდა თრომბები თავის ტვინში ვაქცინაციამდე. კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვით, თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით“.

რა წერია „ფორმა 100“-ში?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტში, ე.წ. ფორმა 100-ში, ექიმს კითხვის ნიშნის თანხლებით აქვს მითითებული ერთ-ერთ სავარაუდო დიაგნოზად ფილტვის თრომბოემბოლია. როგორც ადვოკატი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მისთვის ამ ცნობაში მითითებული ეს ინფორმაცია, მყარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს:

„ფორმა 100 არის ერთგვარი შემაჯამებელი დოკუმენტი. ეს არ არის საკმარისი დოკუმენტი რეალური სურათის აღსადგენად, ეს არის სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, ყოველგვარი დროებისა და დაზუსტებების გარეშე შექმნილი დოკუმენტი. შესაბამისად, ფორმა 100-ით მსჯელობა არ იქნება საკმარისი ძირითადი საკითხების გამოსავლენად. თრომბოემბოლია წერია კითხვის ნიშნის ქვეშ. ალბათ, ვარაუდის დონეზე გამოითქვა ეჭვი“.

რატომ არ შეატყობინა კლინიკამ ოჯახს ქალის მდგომარეობის შესახებ?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ვახტანგ ბარამიშვილის თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება, ეს არის კლინიკის დუმილი:

„ცოლის მდგომარეობის შესახებ, მეგის ქმარმა არა კლინიკიდან, არამედ მეგობრისგან, რამდენიმე საათის შემდეგ შეიტყო. კლინიკაში მისი მეუღლე მუშაობს და ინფორმაცია მისგან შეიტყვეს. მეგობარმა დაურეკა ქმარს, მგონი, მეგია ცუდადო. მეგის მდგომარეობა დაახლოებით პირველი საათისთვის დამძიმდა. მეგის ოჯახმა ამის შესახებ ოთხის ნახევრისთვის შეიტყო. სწორედ ამ პერიოდში შევიდა ქმარი მეგის სანახავად“.

ახალციხის კლინიკაში მომხდარ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შუალედურ დასკვნას, კლინიკაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, სააგენტო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გაიგზავნა ახალციხეში რეანომობილი თბილისიდან და თვლის თუ არა ის, რომ მედდის თბილისში ტრანსპორტირება დაგვიანდა, რადიო თავისუფლების ამ კითხვას ჯანდაცვის მინისტრი ასე პასუხობს:

„ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გამოძახება. ყველა რეგიონზე გადანაწილებულია რეანომობილების შესაბამისი რაოდენობა. აქ მუდმივად კეთდება ანალიტიკა იმისა, თუ რამდენი პაციენტის გადმოყვანა ხდება ხოლმე რეგიონიდან და ამის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რამდენი რეანომობილია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რეანომობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რომელიმე ხარვეზს. ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია რეანიმაციული განყოფილება. შესაბამისად, მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ასტრაზენეკას“ რეაგირება

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ მედდის გარდაცვალების ფაქტის ადგილზე შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ექსპერტები. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების მიერ დასმულ კითხვას, გაეგზავნა თუ არა ინფორმაცია 28 წლის მედდის გარდაცვალების შესახებ „ასტრაზენეკასა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას:

„თითოეული ამ ტიპის გართულების შესახებ, რა თქმა უნდა, ანგარიში მიდის შვედეთში, უფსალაში, წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში. ამ ინფორმაციას აგზავნის რეგულირების სააგენტო. როდესაც ექსპერტიზის ბიურო დაასრულებს სრულ გამოკვლევას, ეს ეცნობება „ასტრაზენეკას“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. იქ თავდაპირველად იგზავნება მოკლე ანგარიში და შემდეგ უკვე გაფართოებული ანგარიში. არ არის გამორიცხული, როდესაც მათი წარმომადგენლები ადგილზე ჩადიან და სწავლობენ კონკრეტულ შემთხვევას, რადგან თავად კომპანიაც და. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ყველა დეტალი იყოს გარკვეული და ცნობილი“.

ასევე ნახეთ შეცდომის აღიარება თუ რისკების დაზღვევა? - კოვიდვაქცინაციის პუნქტები განახევრდა

შეგახსენებთ, მედდის გარდაცვალების შემდეგ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტების 50% გაუქმდა.

19 მარტიდან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ მრავალპროფილურ კლინიკებში გრძელდება, რომლებსაც აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ჯამში, 41 კლინიკაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ექთნის გარდაცვალებამ აჩვენა, რომ უმჯობესია, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკებში.