თბილისის მერიის მიერ გერმანიიდან მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები თბილისში ჩამოვიდნენ და დღეს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, ლისის ფერდზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილ მეწყრულ სხეულს ადგილზე დააკვირდებიან. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა ამოცანა აქვს ქალაქის მთავრობას მეცნიერებისთვის დასახული - ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
"ეს ჯგუფი [გერმანელი მეცნიერების] დილიდანვე გასულია ადგილზე და შესწავლითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ეს ჯგუფი დარჩება ადგილზე, საღამოს გვექნება მერიაში შეხვედრა და კონკრეტულ ვადებთან, გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხვალ მოგაწვდით ინფორმაციას", - თქვა ქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დღეს ვაშლიჯვარში მედიასთან და განმარტა, რომ მერიას ამ ჯგუფთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს, წყნეთი-ბეთანიის შემოვლითი გზის მშენებლობისას და გლდანში, შეშელიძის მეყწრის საინჟინრო გადაწყვეტისას, რომლის სიახლოვეს სამი მჭიდროდ დასახლებული კორპუსი დგას და საავტომობილო გზა გადის.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გერმანელი მეცნიერები, კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი, რომლებიც მერიამ მოიწვია, მიუნხენში მდებარე სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს [Baugeologisches Büro Bauer] წარმომადგენლები არიან. 1998 წელს დაარსებული კომპანია საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის და გეოტექნიკოსებისგან შედგება - პროექტების უმეტესობა ავსტრიასა და გერმანიაში აქვთ განხორციელებული, რამდენიმე ჩინეთსა და ინდოეთში. კომპანიის ოფიციალურ საიტზე საქართველოსთან თანამშრომლობითი პროექტები არ იძებნება.
Your browser doesn’t support HTML5
ირაკლი ბენდლიანის თქმით, გერმანელი მეცნიერების ადგილზე ჩამოსვლამდე, მეწყრის კვლევას ახორციელებდა ქართული კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" და სხვა სპეციალისტებიც.
"ამ კომპანიის გარდა კიდევ სხვა კომპანიებიც არის ჩართულები. ეს არის წინამოსამზადებელი პროცესები, ბუნებრივი პროცესი, ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტ კომპეტენტურ ადამიანს შევხვდეთ.
ნაპრალი არ არის სტაბილიზაციაში, რა თქმა უნდა, პროგრესირებს. მინიმალური მოცულობით ხდება ამ მეწყერული პროცესის მიმდინარეობა, უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი პირველადი მონაცემები და ამის შემდეგ დავიგეგმებით უკვე კონკრეტულ სამუშაოებზე.
ეს კომპანია, ვინც დღეს აქ იმყოფება, არის გამოცდილი ჯგუფი მსგავსი პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტაში. ვინაიდან ვიცოდით და დარწმუნებული ვართ, რომ დიდი გამოცდილება ჰქონდათ, ამიტომ ჩავრთეთ", - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
ასევე ნახეთ ვაშლიჯვრის მეწყერი მოძრაობს, მოსახლეობას საფრთხე სავარაუდოდ არ ემუქრება