ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გადადგა

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ის ფეისბუკზე წერს, გადადგომის შესახებ მისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.

"დღეს მოვიდა დრო, რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა", - წერს საბანაძე.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა დღეს მნიშვნელოვანია მიზანია, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების შენარჩუნებას უკავშირდება.

"საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს", - აცხადებს ის.

ის არ საუბრობს გადადგომის მიზეზებზე. უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს - რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ აკეთებს.

ბრიუსელში 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან აღნიშნეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მნიშვნელობაც - თუმცა კრიზისის თემა არა ასოცირების საბჭოს სხდომაზე, არამედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრებისას იყო წამყვანი.

რამდენიმე თვეში 8 წელი უნდა შესრულებულიყო, რაც საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა.