ლაშა სუხიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, მხოლოდ ორი დღის ზედაპირული დაკვირვებითაც კი ამბობს, რომ მეწყრული სხეული ლისის ქედზე მოძრაობს, რაზეც ნაპრალებს შორის გაზრდილი დისტანციაც მიუთითებს.
„კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ფერდს არ აქვს დიდი დახრა, რაც შეზღუდავს მის გავრცელებას და სავარაუდოდ ჩამოშლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის, მაგრამ 100%-ით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, - ამბობს ლაშა. ის კოლეგებთან ერთად ახლა ელოდება, რას იტყვიან მერიის მიერ მოწვეული გერმანელი მეცნიერები, რომლებსაც თბილისში მომავალ კვირაში ელოდებიან. ვინაიდან მერიამ თქვა, რომ ახლად დაძრულ მეწყრულ სხეულზე კვლევას აწარმოებს, ლაშამ და მისმა კოლეგებმა აქაურობის შესწავლა დროებით შეაჩერეს - მათ არც ჰქონდათ შესაძლო სცენარების განვითარების მოდელირების რესურსი.
თბილისის მერიაში არ აკონკრეტებენ მოწვეული გერმანელი მეცნიერებისთვის დასახულ ამოცანებს. ქალაქის მთავრობამ მხოლოდ ის თქვა, რომ მეწყრის შესასწავლად ინჟინერ-გეოლოგები მოიწვიეს. რა იქნება მათი ამოცანა, რა სამუშაოებს გასწევენ, რომელ კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენენ და როდის გადაწყვიტა მერიამ მათთან თანამშრომლობა, როცა მედიაში მეწყრის კადრები გაჩნდა, თუ უფრო ადრე - ეს ჯერ არ ვიცით.
„როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა“, - ასე უპასუხა დღეს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კრიტიკას იმის გამო, რომ მერიამ იცოდა მეწყრული პროცესების შესახებ და დუმდა.
ასევე ნახეთ საშიში ნაპრალი ლისის ქედზე - რატომ გასკდა მიწა თბილისშისეისმოლოგები, გეოლოგები და არქიტექტორები ამბობენ, რომ პირველი ხილული ბზარები შესაძლოა აქ მართლაც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, მაგრამ ის, რომ ტერიტორია გეოლოგიურად მაღალი რისკის ზონაშია და აქ მშენებლობები საფრთხილოა, სპეციალისტებმაც და ქალაქის მმართველობამაც ბევრი წელია იციან. რამდენიმე დღის წინ გაჩენილი მცირე ბზარების დიდ ნაპრალად ქცევა და დინამიკურობა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის აქტიურია, და ნებისმიერ ტრიგერზე (მაგალითად, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმა ან ძლიერი სამშენებლო ბიძგები) შეიძლება ჩამოიშალოს.
ორი კვირის წინანდელი მცირე მასშტაბის ბზარები რომ უკვე რამდენიმე მეტრის სიღრმის თხრილად არის ქცეული, გეომორფოლოგი, პროფესორი ზურაბ ჯანელიძე იმით ხსნის, რომ გზის გაყვანისას ქანებმა, რომლითაც ფერდობია აგებული, ურთიერთგანლაგება შეიცვალა. ის ფიქრობს, რომ ფერდობის ზედა ნაწილში ქანების 5-7 მეტრის სისქის შრე გამოფიტულია და გრავიტაციას წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.
ზურაბ ჯანელიძე თვლის, რომ დაზიანებული ფენა უნდა მოიხსნას და დარჩენილი ნაწილი ხელოვნურად გამაგრდეს. მისი აზრით, მეწყრული ფრაგმენტის სრულად მოხსნას დიდი დრო და ბევრი ფული დასჭირდება. კოლეგების მსგავსად, ისიც ეთანხმება იმ აზრს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„კორპუსები გვერდით არის, რომც ჩამოიშალოს ეს მასა, იქამდე ვერ მივა - შესაბამისად, არანაირი ევაკუაციის საჭიროება არ არის. შეიძლება ფლეთილი ბლოკები ჩავიდეს მაგისტრალამდე, მაგრამ ესეც ვარაუდია. მანდ ახლა საჭიროა ზუსტი საინჟინრო გადაწყვეტა, მიხედვა უნდა და გამაგრება. ფენა, რომელიც გადმოწეულია [გზისკენ], უნდა მოიხსნას, მე ვფიქრობ, რომ გამაგრება შესაძლებელია”, - ამბობს ზურაბ ჯანელიძე.
გზაზე, რომელიც დამეწყრილი მთის ქვემოთ გადის, ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა მუშაობს სამშენებლო ტექნიკა. აქ მერია დამცავ ჯებირს აკეთებს, რომლითაც ფერდი და საავტომობილო გზა იყოფა.
გეოლოგები ვაშლიჯვრის მეწყრულ სხეულს წყნეთი-ბეთანიის ფერდიდან 2015 წლის 13 ივნისს მომწყდარ მეწყერს ადარებენ და ამბობენ, რომ ეს მასშტაბით მასთან შედარებით 2-3-ჯერ მცირეა და იმის გამო, რომ პოტენციური ჩამოშლის ადგილას მდინარე არ დახვდება, მოსალოდნელი ზიანიც ბევრად ნაკლებია. გეოლოგები გამორიცხავენ, რომ მთის ჩამოშლის შემთხვევაში მიწის მასამ მტკვრამდე ჩააღწიოს.
თბილისის მერია და გეოლოგიურად საშიში ზონები
თბილისის მერია საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და აღდგენა-რეკონსტრუქციაზე, რაც მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებასაც გულისხმობს, ყოველწლიურად დაახლოებით 45-დან 50 მილიონამდე ლარს ხარჯავს. მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. პარალელურად, ქალაქის მთავრობა იძლევა სამშენებლო ნებართვებს გეოლოგიურად სახიფათო ზონებში და თავის ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარემოზე ზემოქმედების კომპონენტს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს.
თბილისის ბიუჯეტიდან ირკვევა, რომ 2020 წელს სტიქიური მოვლენებისგან ქალაქის დასაცავად ორი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
- ქალაქის მასშტაბით მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10კმ-მდე სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელს;
- მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები გატარდა გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, სადაც მეწყრულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული - მერია აქ საყრდენ კედელს აშენებს; ქალაქის მასშტაბით სულ 1400 მ3 საყრდენი კედლები აშენდა და რეაბილიტირდა.
მაჭავარიანის ქუჩაზე, ანუ იქ, სადაც მთაზე ნაპრალი გაჩნდა, მერიამ 9 მილიონი ლარი დახარჯა წყლის სისტემების გამოცვლისთვის - არსებობს ეჭვი, რომ ამ სამუშაოებმა და ახალი გზის მშენებლობამ, რომლითაც ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის გზატკეცილს უკავშირდება, და რაც ქალაქს 15 მილიონი დაუჯდა, მეწყრული პროცესები დააჩქარა. წყლის სისტემების გამოცვლას და ახალი გზის მშენებლობას ერთი და იგივე კომპანია, „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს. მეწყრული პროცესები გზის მშენებლობის ხელშეკრულებაში ფორსმაჟორად არის დასახელებული და კონტრაქტორი კომპანიის პასუხისმგებლობის სფეროს სცდება.
„2012-2013 წლების შემდგომ ფორსირებულად ხდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება. მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, რაც იწვევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტული ნაკადების და, შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსივობის მკვეთრ ზრდას.
საპროექტო გზის განთავსების რელიეფი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ღრმა და კლდოვანი ხევებით, დიდი ქანობით, კლდოვანი და ციცაბო ფერდობით.
გზის ბუფერში სავარაუდოდ მოყვება სხვადასხვა ტიპის ხეები და ნარგავები. საჭიროა მოხდეს მათი ზუსტი აღწერა და გათვალისწინება, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაძლოა საჭირო გახდეს ხეებისა და დეკორატიული ბუჩქების გადარგვა, მცირე ზომის მცენარეების ამოძირკვა”, - ეს არის ფრაგმენტები ხელშეკრულებიდან, რომელიც მერიამ კონტრაქტორ კომპანიასთან გააფორმა ამ ადგილას გზის მშენებლობისთვის.
ლისის ქედზე მეწყრის გაჩენის შემდეგ მერიას სწორედ იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ გეოლოგიურად არამდგრად ზონაში სამშენებლო ნებართვებს გასცემს. ქალაქის მერმა ახლად გაჩენილ მეწყრულ სხეულზე საუბრისას თქვა, რომ ეს პროცესი კავშირში ვერ იქნება გზის მშენებლობასთან, ვინაიდან მეწყერი მთის ზედა ფერდზე განვითარდა, ახალი გზა კი ქვემოთა ფერდზე შენდება. გეოლოგებისთვის ეს მთა ერთიანი სხეულია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გაიყო გზით ორ ნაწილად, შესაბამისად, ამგვარი მსჯელობა არასწორად მიაჩნიათ და კვლევების გარეშე უჭირთ თქმა, იქნება თუ არა მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი, 2-კილომეტრიანი და 4-ზოლიანი მაგისტრალი უსაფრთხო.
ასევე ნახეთ გლდანში ახალრეაბილიტირებული გზის დაზიანების მიზეზს მერიის აუდიტი შეისწავლისნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზას პრობლემები პირველად არ გასჩენია - 2015 წელს, წინა მერი, დავით ნარმანია საუბრობდა იმაზე, რომ ეს გზა არასწორად იყო დაპროექტებული და საინჟინრო შეცდომის გამო საჭირო გახდა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების დამატებითი სამუშაოების წარმოება. მაშინ 112-ის შენობასთან მიმავალი გზის ჩამოშლის საფრთხე იდგა.