ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლების განახლებას გეგმავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 18 მარტს უარი უთხრა საქართველოს ევროპულ არჩევანს. „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპონენტებს ადანაშაულებს და კრიზისის არსებობას ისევ არ აღიარებს. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა ანდა რა ფორმით გაგრძელდება ბრიუსელის ჩართულობა ჯერ ისევ დაუძლეველი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში. ამერიკელი პარტნიორები რუსეთის ინტერესების გაზრდის საფრთხესა და საქართველოს საკითხზე ვაშინგტონის გააქტიურების აუცილებლობას ხედავენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს არ უთქვამს, რომ დაბრუნდება საქართველოში და ისევ გააგრძელებს პოლიტიკური დიალოგის მედიაციას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შვედი დიპლომატი თბილისიდან გაემგზავრა სიტყვებით, რომ აქ ნანახსა და მოსმენილს პრეზიდენტ მიშელს მოახსენებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას უნდა მოველოდეთ ამის შემდეგ. დღეს მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს დამატებითი განცხადების გაკეთებას.
ბრიუსელში ჯერჯერობით არც სხვა ოფიციალური განცხადებები გაკეთებულა. უშედეგო მოლაპარაკებების შესახებ რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, შარლ მიშელისგან, რომლის ინიციატივითაც დაიწყო ევროკავშირმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიაცია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 19 მარტს, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 22 მარტის სხდომის მოსამზადებებელ შეხვედრაზე. საქართველოს კრიზისის განხილვა 22 მარტის სხდომის დღის წესრიგშია შესული.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა ანონიმურად უთხრეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს, საქართველოში წამოწყებული დიალოგის პროცესში ევროკავშირის თამასა მაღალი იყო და პასუხისმგებლობის ტვირთი პრეზიდენტ მიშელზეა, თუმცა ბრიუსელი უკან არ დაიხევს:
- „შარლ მიშელმა უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ნათელი სტრატეგიის არქონის გამო. მაგრამ ეს (პროცესი) არ არის დასრულებული მანამდე, ვიდრე ის არ დასრულდება“;
- „პირველ რიგში, ეს იყო სარისკო იდეა, მაგრამ ვფიქრობ, ევროკავშირი განზე არ გადგება, ამას არასოდეს ვაკეთებთ“.
ბრიუსელში მიანიშნებენ იმასაც, რომ ერთი კვირა დაუთმეს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში შეთანხმების მცდელობას და ახლა ბურთი თბილისის მოედანზეა. იგივე თქვა 18 მარტს, თითქმის 10-საათიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კრისტიან დანიელსონმა.
მან განაცხადა, რომ კრიზისის დასაძლევად გულმოდგინედ იმუშავა როგორც ევროკავშირმა, ასევე აშშ-მა, გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა და ახლა უკვე შეთანხმებისთვის კომპრომისებზე წასვლა ქართველი პოლიტიკოსების საზრუნავია. მკაფიო იყო მინიშნებაც, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო წინ ვერ წავა და პრობლემები შეექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალსაც. კერძოდ, დანიელსონმა თქვა, რომ:
- კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებს შესაძლებლობას მისცემდა, გაეძლიერებინათ ბრძოლა კოვიდთან და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან; წინ წაეწიათ ქვეყანა ევროკავშირის დღის წესრიგში და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში - „ეს არის რეალური გამოწვევები ქვეყნის წინაშე“;
- ამ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ - „ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“;
- ამის შემდეგ პარტიები „სერიოზულად დაფიქრდებიან“ სიტუაციაზე, წინსვლაზე და უფრო აშკარა გახდება კომპრომისებზე წასვლის აუცილებელი ნება მედიაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად - „მე გულწრფელად მჯერა, რომ ამას იმსახურებს საქართველოს ხალხი“.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა უპრეცედენტო პროცესის წამოწყებით სასწორზე უკვე დადო თავისი რეპუტაცია, ხოლო შედეგი ჯერ მიღწეული არ არის, კრიზისის მოგვარების მინიმუმ ერთ მცდელობას ისევ ელოდება ევროკავშირის შიდა პროცესებისა და განწყობების მცოდნე პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია. ის სხვადასხვა დროს აქტიურად იყო ჩართული ევროპარლამენტის ეგიდით მიმდინარე დისკუსიებში.
კაკაჩია გვეუბნება, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი ბრიუსელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუკი იქ ქართველი პოლიტიკოსების ადეკვატურ ძალისხმევას ვერ დაინახავენ, არის საფრთხე, რომ ერთ დღეს ამ თავსატეხმა ბრიუსელიც „გადაღალოს“, როგორც ეს ერთხელ უკვე იყო უკრაინის შემთხვევაში.
„ამ ეტაპზე ევროკავშირი დაინახავდა ქართული პოლიტიკური სპექტრის უმწიფრობას. რაც მოხდა, ეს მთლიანობაში ძალიან ცუდად წარმოაჩენს ქვეყანას, მის პოლიტიკურ ელიტას და პირველ რიგში ხელისუფლებას, რადგან ბოლო დღეებში ბრიუსელშიც არაერთხელ ითქვა, რომ სწორედ ხელისუფლებას ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ოპოზიციაც თანაზიარია, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებელი მაინც ხელისუფლებაა და ეს ნათელია.
არ გამოვრიცხავ, რომ ახალი წინადადება და უკვე ულტიმატუმის სახით შემოგვთავაზოს ევროკავშირმა.
მთლიანობაში, ვცდებით, თუ გვგონია, რომ ევროკავშირში საქართველოს საკითხი ყველაზე მთავარ საკითხს წარმოადგენს. თუ პროცესი ძალიან გაიწელა, შეიძლება ხელიც ჩაიქნიონ და მოგვექცნენ ისე, როგორც ჭინჭყლ ბავშვს, რომლის კაპრიზებსაც სამუდამოდ ვერავინ აიტან. ეს საქმე აქ, ჩვენი გასაკეთებელია. დასავლეთი საბოლოოდ ვერაფერს გაგვაკეთებინებს ძალის გამოყენებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩია.
ის ფიქრობს, რომ პროცესების გართულება რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: გამოჩნდა ის, რომ თვითმიზანი იყო ოპოზიციისთვის ამ მოლაპარაკებების ჩაშლაკრისტიან დანიელსონის ბოლო ბრიფინგის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პროცესის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპონენტებს „ანტისახელმწიფოებრივი ულტიმატუმები“ ჰქონდათ და ამ ულტიმატუმებს ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი გასცა. არსებულ ვითარებაში ხელისუფლება რეალურ კრიზისს საერთოდ ვერ ხედავს და მას ხშირად უწოდებს „ხელოვნურს“.
მაშინ როცა ევროკავშირის ლიდერები „კრიზისზე“,„ჩიხსა“ და საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტის არსებობის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას პრობლემები არ ექნება და პარლამენტში არშესვლა პირველ რიგში ოპოზიციას აზარალებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ვერაფრით წავიდოდა კომპრომისზე ოპოზიციის ორ ძირითად მოთხოვნასთან მიმართებით, რაც პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას უკავშირდება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დიალოგის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს ან ისევ ევროკავშირის ჩართულობით, ან ელჩების ფასილიტაციით, ანდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის ფორმატში.
ასევე ნახეთ გია ვოლსკი: ოპონენტებს არ ჰქონიათ ამ კრიზისის განმუხტვის ინტერესიპოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხები მართლაც წარმოადგენდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მთავარ მოთხოვნებს. მაგრამ როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, საქმე ამ საკითხების საერთო განხილვამდე არც მისულა და „ქართული ოცნების“ მოთხოვნით მრავალგზის გადაკეთებულ ტექსტში აზრსმოკლებული გახდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც და მაგალითად - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაც.
ოპოზიცია საპროტესტო რეჟიმს უბრუნდება და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას 20 მარტს დაგეგმილ აქციაზე გამოაცხადებს.
ოპოზიციონერი ლიდერები დასავლელი პარტნიორების სწორი შეფასებების კვალდაკვალ მოელიან წნეხს ხელისუფლებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე უთხრა უარი ევროპულ ფასეულობებს და ახლა გადასარჩენია საქართველოს ევროპული მომავალი.
„რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაამცირა ევროკავშირი საქართველოში“, - დაწერა ტვიტერზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა. ის აღნიშნავს, რომ „ეს ფაქტი არ არის ნაკლებად დრამატული, ვიდრე (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის) იანუკოვიჩის უარი (ევროკავშირთან) ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე“.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასევე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე აქცენტით ეხმაურებიან ამერიკელი ექსპერტები და დიპლომატები.
„არ არის კარგი. საქართველოს საკითხზე მეტი ჩართულობაა საჭირო“, - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი და საქართველოს საკითხისადმი ყურადღებისკენ მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს.
მაიკ მაკფოლის ტვიტი საკუთარ გვერდზე გააზიარა გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ჯონათან კაცმა და აღნიშნა - „ვეთანხმები მაიკ მაკფოლის წინადადებას საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ამერიკის უმაღლეს ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ამ კვირაში და შემდგომაც, დღის წესრიგში დგას (რუსეთსა და ჩინეთთან) დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა“, მაგრამ საქართველოს საკითხი არ ითმენს და „სასწორზე დევს საქართველოს/ამერიკის/ტრანსატლანტიკური ინტერესები“.
იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ჯერ ისევ არ არის ბოლომდე ფორმირებული, საქართველოს საკითხზე ვაშინგტონის სრულმასშტაბიან გააქტიურებას ძალიან სწრაფ ტემპში არ მოელის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დიპლომატიის პრაქტიკის მკვლევარი, ზვიად აძინბაია.
თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შემდგომი ნაბიჯებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დისკუსიას. საკომიტეტო მოსმენა სახელწოდებით - „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“ სენატში 23 მარტს გაიმართება და მას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვება. მოსმენაზე მოხსენებით წარდგება სახელმწიფო დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსანი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ჯორჯ კენტი და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში - კარა მაკდონალდი.
სენატორ შაჰინს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალჩინოსან წევრთან, რესპუბლიკელ სენატორთან, ჯიმ რიშთან ერთად გამოქვეყნებული აქვს არაერთი მკაცრი განცხადება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. სენატორების განცხადებებში ხაზგასმული იყო დემოკრატიის უკუსვლის საფრთხე და პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემები.
„23 მარტს სენატში დაგეგმილ დისკუსიას ყველამ უნდა მოუსმინოს საქართველოში. ამით ჩვენ გავიგებთ, სენატი რეალურად რა დავალებებს მისცემს და მოსთხოვს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას“, - გვეუბნება აძინბაია.
ასევე ნახეთ „გერმანიის მარშალის ფონდი“ აშშ-ს მოუწოდებს, უფრო აქტიურად დაეხმაროს საქართველოსექსპერტები არ გამორიცხავენ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ პრობლემა სხვა გზებით მოგვარდება და აშშ-ს არ მოუწევს იმ ბერკეტის ამოქმედება, რომელიც 132 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებასთან მიმართებით, პირობის სახით არის ჩადებული აშშ-ის 2021 წლის საბიუჯეტო კანონში.
2020 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობა სახელმწიფო მდივანმა უნდა შეაფასოს და არაუგვიანეს 90 დღისა, მან ასიგნებების კომიტეტს სპეციალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.