გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გოგი წულაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. მან დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გოგი წულაიას 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

"2021 წლის 16 მარტს, გოგი წულაიამ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გოგი წულაიასთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ, სადაც ლ.ჟ.-მ გოგი წულაიას თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა. აღნიშნულის შემდეგ გოგი წულაიამ იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გოგი წულაიას შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გოგი წულაიამ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გოგი წულაიამ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გოგი წულაიამ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გოგი წულაიას მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში - ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გოგი წულაია შემთხვევიდან მალევე დააკავეს".

ადვოკატის თანახმად, გოგი წულაია ძალადობის ჩადენის ფაქტს უარყოფს, პროკურორის თქმით კი, საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, ვიდეომასალა და ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას არ ეყრდნობა.