„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიდნენ იქამდე, რაც გადაწყვეტილების მისაღებად იყო საჭირო. გიგა ბოკერიას შეფასებით, განსაკუთრებულად „პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია“ მმართველმა პარტიამ პოლიტპატიმრების ანუ პოლიტიკური დევნის და ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით გამოამჟღავნა:
„ოპოზიციის დათმობამდე საქმე არც კი მისულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან ჩემის აზრით, გამოსავალს იპოვიდა. ვგულისხმობ ყველა საკითხს და მათ შორის გამოვყოფდი პოლიტიკურ დევნას, პოლიტპატიმრებს, მელიას რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. ამ ფაზაში ეს ამბავი დასრულებულია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, ამ ყველაფერში დადებითი არის ის, რომ ხელისუფლება ბოლომდე გაშიშვლდა და ამჯერად საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ნათელი გახდა ივანიშვილის გარემოცვის უნარები და პოზიცია ყველა საკვანძო საკითხზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.