შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონის თქმით, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, დღეს, გამთენიისას გაემგზავრება ბრიუსელში და შარლ მიშელს მოახსენებს მოლაპარაკების შედეგის შესახებ.

„მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მონაკვეთში იყო მიღწეული პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო, ნაკლები წინსვლა იყო“, - განაცხადა ბრიფინგზე კრისტიან დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლებოდათ ფოკუსირება, კონცენტრაცია და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მთელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. გარდა ამისა, როგორც დანიელსონმა აღნიშნა, კრიზისის დასრულება ნიშნავდა წინსვლას ევროკავშირის დღის წესრიგით და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვას რეგიონში.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაგრძელდება ევროკავშირის მედიაციით დაწყებული დიალოგი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის.

22 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ. მოხსენებით გამოვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი.

23 მარტს ვაშინგტონში, აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართება მოსმენა „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“. დისკუსიას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვება.