თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა „ტვ პირველის" შესახებ განჩინება

„ტვ პირველში" საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას.

„როდესაც საკითხი შეეხება ჟურნალისტის პროფესიული დაცვის სტანდარტს, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ბალანსი. დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცესში სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით,გამოხატვის თავისუფლების დაცვითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის გათვალისწინებით.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტს პროფესიული საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ ეკისრება ვალდებულება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადასცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი ან დაიკითხოს მოწმედ თუ იგი ისარგებლებს ამ უფლებით, მაგრამ ეს არ ზღუდავს მას ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში გამოძიებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მოწმედ მონაწილეობის ვალდებულებისაგან და პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებით, სახელმწიფომ ინტერესთა კოლიზიის ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულებისა და გამოძიების ინტერესზე მაღლა დააყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლში მითითებული პირების კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს ჟურნალისტის უფლებას არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო და საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ პროპორციულობის პრინციპითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლით დემოკრატიულ საზოგადოებაში.

11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.