ანაფილაქსიური შოკი, მძიმე ალერგიული რეაქცია, COVID-ვაქცინაციის პროცესში (ისევე, როგორც ზოგადად ვაქცინაციის პროცესში), ერთ-ერთი იშვიათი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შესაძლოა, ადამიანს აცრის შემდეგ გამოუვლინდეს. თუმცა, დროული რეაგირებისა და ჩარევის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს.
დიდი ბრიტანეთი
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) - 5 მილიონი აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 41-ს. ანუ, 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევაში;
გერმანია
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) – 363 000-დან დაფიქსირდა 3 ანაფილაქსიური შემთხვევა. 121 ათას აცრაზე - ერთი;
Pfizer/BioNtech (აშშ/გერმანია) – 5 387 000 აცრილ ადამიანში დაფიქსირდა 63 ანაფილაქსიური შოკი;
Moderna (აშშ) – 168 189 აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 1 ადამიანს;
აშშ
Pfizer/BioNtech - 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე;
Moderna (აშშ) - 11,1 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე;
ავსტრალია - უახლესი, 17 მარტის მონაცემი
Oxford/Astra Zeneca – 9 652 აცრილიდან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა 1 შემთხვევაში;
Pfizer/BioNtech – 13 292 აცრილიდან ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა 1 ადამიანს;
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში აცრილი 60 მილიონამდე ადამიანიდან, გვერდითი სერიოზული რეაქცია დაუფიქსირდა 16,8%-ს. გვერდით მოვლენებს არცერთი ფატალური შემთხვევა არ მოჰყოლია.
ანაფილაქსი არის ორგანიზმის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება სწრაფად, 5-დან 30 წუთამდე პერიოდში, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს.
ყველაზე ხშირად ანაფილაქსიური რეაქცია ვითარდება მედიკამენტებზე, საკვებზე.
ანაფილაქსია საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას, რაც პირველ რიგში გულისხმობს ეპინეფრინის(ადრენალინი) შეყვანას ორგანიზმში.
18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას აწარმოებს, 27 წლის ექთანი აცრიდან რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. მას, სავარაუდოდ, განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქალი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი და ის ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ:
„სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე, დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გაწერილი ანაფილაქსიური რეაქციების დროს და არ მოიხსნა რეაქცია და ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა“.
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი, რომელიც „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს, 15 მარტს დაიწყო.
პირველ ეტაპზე იცრება სამედიცინო პერსონალი. 17 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 2719 მედპერსონალი. ვაქცინაციის პროტოკოლის თანახმად, ვაქცინის ჩატარებამდე, პირი ავსებს კითხვარს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აცრის შემდეგ ის ნახევარი საათის განმავლობაში ინაცვლებს მოსაცდელ სივრცეში, რათა მოხდეს აცრის შემდგომ, შესაძლო გართულებაზე დაკვირვება და დროული ჩარევა.
გადაწყვეტილება ვაქცინაციის გაგრძელებისა თუ შეჩერების შესახებ 18 მარტს, 19:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ იქნება მიღებული.