დღეს, 18 მარტს, ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილე აღინიშნება.
ლადო გუდიაშვილი იშვიათად მრავალმხრივი ადამიანი იყო: ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, ერთხელ ფილმშიც კი ითამაშა.
დაიბადა 1896 წელს თბილისში. თავდაპირველად მშობლებმა ლადო მუსიკის მასწავლებელს მიაბარეს, თუმცა მალევე ექიმთან მიყვანა მოუხდათ - ვიოლინოზე დაკვრისას ემოციებისგან ბავშვს გულის ტკივილები ეწყებოდა. ექიმმა დაადასტურა, მუსიკა მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოაო, ამიტომ პატარა ლადომ ახლა ხატვაზე დაიწყო სიარული, მით უფრო, რომ ესეც მშვენივრად გამოსდიოდა.
ლადო გუდიაშვილი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. სწორედ ამ დროს მიიქცია ექვთიმე თაყაიშვილის ყურადღება. აქედან მოყოლებული ლადო ექვთიმეს ექსპედიციებში დაჰყვებოდა და შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებს სწავლობდა. ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ხატვის სტილი სწორედ შუასაუკუნეების კედლის მხატვრობას უკავშირდება.
„ილუზია, მითი, ფანტასტიკა, ქალი - ეს იყო მისი თემები. მას ინდივიდუალური ხედვა ჰქონდა. როგორც პიკასო არ გამოსახავდა რეალურ ადამიანს და ხატავდა ისე, როგორც თავად აღიქვამდა, ასევე ლადო გუდიაშვილიც“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.
გუდიაშვილი მთელი ცხოვრება ზღაპარს ხატავდა. ამის ცხადი მაგალითი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტია, რომელიც რეალობისგან ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოღვაწეობდა, რაღაცნაირად მოახერხა, საბჭოთა თემები მის მიღმა დარჩენილიყო.
მოცეკვავე გუდიაშვილი
ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ლადო გუდიაშვილი შედის იმ დიდ ოთხეულში, რომლითაც მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობა იწყება. თავად გუდიაშვილის გარდა, ამ ოთხეულში შედიან დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი.
„თითოეულ მათგანს გამორჩეული ინდივიდუალობა ჰქონდა და მათ შორის ყველაზე მეტად ლადო გუდიაშვილს. ძალიან ეროვნული იყო. აბსოლუტურად ჯდება ქართული მხატვრობის, ფრესკული მხატვრობის ნიშაში და, ამავე დროს, არის ძალიან ევროპულიც. ამ დიდმა ოთხეულმა განათლება საფრანგეთში მიიღო. კავშირი ჰქონდათ ევროპის ყველაზე გამორჩეულ მხატვრებთან და, მიუხედავად ამისა, ლადო გუდიაშვილი მაინც იმდენად თვითმყოფადია, რომ შეუძლებელია მისი რომელიმე ნამუშევარი ნახო და ვერ მიხვდე, ვინ დახატა“, - ამბობს ლელა ოჩიაური.
საფრანგეთში მხატვარი 6 წელი დარჩა, ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იქ გაეტარებინა, მაგრამ 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა.
„გულისხმიერი და ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მშვიდი, წყნარი. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა... იყო ძალიან არტისტულიც“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.
ლადო გუდიაშვილი გადაღებულია ფილმში „მზე შემოდგომისა“. ის იქ ეპიზოდურ როლს თამაშობს - სკამიდან ადგება, წაუცეკვებს და ისევ დაჯდება, თუმცა ეს რამდენიმე კადრიც შთამბეჭდავი გამოვიდა.
როდესაც „ქეთო და კოტეს“ იღებდნენ, მსახიობმა გიორგი შავგულიძემ ლადო გუდიაშვილს სთხოვა, ყარაჩოღელების ცეკვა მასწავლეო. ლადომ ცეკვა არა, მაგრამ ასწავლა, როგორ უნდა დამდგარიყო და ტანი როგორ დაეჭირა, ანუ ის პლასტიკა დაანახვა, რომლითაც თავად ხატავდა ყარაჩოღელებს.
შტურმით აღებული გალერეა
1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ, ლადო გუდიაშვილს ქაშუეთის ტაძრის მოხატვა დაავალა. გუდიაშვილმა საკურთხევლის კონქში გამოსახა ღვთისმშობელი ყრმით. ეს ფრესკა დანარჩენი კანონიკური ხატებისგან გამოირჩევა იმით, რომ მასზე გამოსახული ღვთისმშობელი ფერადი და სიცოცხლით სავსეა.
საბჭოთა მთავრობამ ლადო გუდიაშვილს ეკლესიის მოხატვა არ აპატია. პარტიიდან გარიცხეს, ლექციების ჩატარება აუკრძალეს, აღარც მისი გამოფენები იმართებოდა. ასე გაგრძელდა 1957 წლამდე.
„საბოლოოდ, ნება მისცეს გამოფენა მოეწყო, მაგრამ წინა საღამოს ცენზურამ დაათვალიერა ნახატები და ისევ აკრძალა. მაშინდელი აკადემიის სტუდენტები - ლევან ცუცქირიძე, დიმა ერისთავი, ზურაბ ნიჟარაძე... ეს თაობა - აქტიურად იყვნენ ჩართულები გამოფენის მოწყობაში. მთელი ღამე გალერეასთან გაათიეს, რომ ნახატები არავის ჩამოეხსნა, დილით კი ძალით შეიჭრნენ შენობაში და ხალხიც შეიყვანეს, რომ მათ გამოფენის გაცნობის საშუალება ჰქონოდათ“, - ამბობს ნინო ხუნდაძე და დასძენს, რომ უკვე მაშინ გამოფენაზე მხატვრის 800 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ მხატვარს ისევ წყალობის თვალით გადმოხედა. მას უამრავი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. გარდაიცვალა 1980 წლის ივლისში 84 წლის. ლადო გუდიაშვილი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.