საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირს კიდევ ერთი ყრილობა არ დაურეგისტრირა

იოსებ ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არც ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაურეგისტრირა. 10 მარტს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ყრილობიდან ერთ კვირაში რეესტრმა მორიგი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

თუ იანვრის დასაწყისში, ირაკლი აბუსერიძის დაურეგისტრირებლობის მიზეზად ყრილობის უკანონოდ ჩატარება დასახელდა, ამჯერად, საჯარო რეესტრი ტყემალაძისა და ახალი გამგეობის არჩევას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს და დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ 10 მარტის ყრილობაზე რაგბის კავშირს წესდების შეცვლის უფლება არ ჰქონდა.

„ყრილობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, არ არსებობს მათი რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. რაც შეეხება ახალი წესდების რეგისტრაციას - ვინაიდან ეს საკითხი არ იყო ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი, ყრილობის მიერ ის მიღებულია კანონმდებლობისა და კავშირის მოქმედი წესდების დარღვევით. შესაბამისად, წესდების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების თანახმად შედგენილი და დარეგისტრირებული სარეგისტრაციო დოკუმენტი“,- წერია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელ ვადად საქართველოს რაგბის კავშირს ოცდაათი კალენდარული დღე განესაზღვრა. ქართული რაგბის მმართველი ორგანო მხოლოდ ამ საკითხის გადასაჭრელად, სავარაუდოდ, საერთო კრებას ჩაატარებს. შემდეგ კი იოსებ ტყემალაძის და კავშირის ახალი გამგეობის ოფიციალურად დამტკიცებას, დიდი ალბათობით, წინ ვეღარაფერი დაუდგება.