„შავი ზღვის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი“ — ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დაამატა: „გუშინ ჩვენ შევედით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას... შავი ზღვის უსაფრთხოება არის ნატოსა და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ გვაწუხებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა და ჩვენ, ასევე, ვცდილობთ გავზარდოთ შავ ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობა“.

შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი, მათ შორის, არსებითი პაკეტით, რომელიც გასულ წელს განახლდა.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გააჟღერა NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გაიყვანოს თავისი ძალები.

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია.

„ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავიზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფება პირველი საგარეო ვიზიტით, თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ. ის უკვე შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის. 16 მარტს, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.