აშშ-ის კვლევითმა ცენტრმა, „გერმანიის მარშალის ფონდმა“ (German Marshall Fund) საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში „ზღვარზე მყოფი ქვეყანა: საქართველოს დახმარების საქმე“. გამოკვლევაში, რომლის ავტორები არიან იან კელი და დევიდ ჯ. კრაიმერი, გაანალიზებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და ნაჩვენებია ქვეყნის ადგილი ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
ავტორთა თქმით, საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა დასავლეთისთვის. მას დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით „მოდელის როლის თამაში“ შეუძლია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამწვავდა.
„საქართველოში მიმდინარე მოვლენების გადაუდებელი ხასიათის გამო საჭიროა უფრო ენერგიული რეაგირება აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან. საქართველო კვლავაც უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში“, წერს ანგარიშის შესავალში პროექტ Black Sea Trust for Regional Cooperation-ის დირექტორი ალინა ინაიე.
ანგარიშში მაღალი შეფასება ეძლევა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. ავტორთა თქმით, „საქართველო ევრაზიაში გამოირჩევა ყველაზე დიდი წინსვლით დემოკრატიის მიმართულებით“.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზისას კელი და კრაიმერი აღნიშნავენ, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის ბოლოს გამწვავებული დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც „რეგიონში დემოკრატიის კუნძულის“ რეპუტაციას.
გარდა ამისა, ავტორები დაწვრილებით აანალიზებენ კიდევ ორ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის: კორონავირუსის პანდემიას და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს და მის შესაძლო გავლენას რეგიონზე.
„ამ ანგარიშის ყურადღების ცენტრშია საქართველოს ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთთან. მასში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დასავლეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ქვეყანა ყოველთვის პროდასავლური დარჩება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მისი ბევრი მოქალაქე ვერ დაინახავს საკმარის ინტერესს და პროგრესს ევროპისა და აშშ-ის მხრიდან“, - შენიშნავენ ანგარიშის ავტორები.
„2021 წელს საქართველო სტრატეგიულ შემოტრიალების წერტილშია - ის იმყოფება ზღვარზე პლურალიზმსა და ერთპარტიულ მმართველობას, დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობასთან ინტეგრაციასა და რუსეთთან მორგებას შორის“, წერენ კელი და კრამერი. მათი თქმით, საქართველოს მომავალი „უპირველეს ყოვლისა თავად ქართველების ხელთაა“, მაგრამ ავტორები დაბეჯითებით მოუწოდებენ აშშ-ს, უფრო აქტიურად ჩაერთოს მოვლენებში, „სწორი მიმართულების შენარჩუნებაში“ დაეხმაროს საქართველოს და „გაანეიტრალოს ის ძალები, რომელთაც სიკეთე არ სურთ საქართველოსთვის“. ეს „გრძელვადიანი პერსპექტივით მოგებას მოუტანს ორივე ქვეყანას“, დაასკვნიან კელი და კრამერი.
ანგარიშის ავტორები აშშ-ის ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობენ საქართველოს მიმართ პოლიტიკაში. მათ შორისაა:
- მეტი ყურადღების ჩვენება საქართველოს წარმატებების მიმართ, მათ შორის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეშვეობით.
- საქართველოს წახალისება, დარჩეს დემოკრატიულ, პროდასავლურ გზაზე.
- საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის კარის ღიად დატოვება.
- საქართველოსთვის დახმარების გაწევა თავდაცვაში.
- საქართველოს მიმართ რუსეთის მუქარების მოგერიება.
- საქართველოს დახმარება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების - მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის - ჩამოყალიბებაში.
- თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შეძლებისდაგვარად სწრაფი ხელმოწერა და სხვა.