ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება. ამის დასტურად მინისტრს მოჰყავს 14 მარტს ქუთაისში გამართული საპროტესტო აქცია, რომელზეც, მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებები ისმოდა:

„ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ:

„რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საუბარია შეთავაზებების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს არსებული კვლევების გადახედვას და გადახედვამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, მეტ ჩართულობას როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კონსტრუქციულ პლატფორმაზე დიალოგისთვის კარი ღიაა ექსპერტებისთვის.

14 მარტს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა მორიგი დიდი საპროტესტო აქცია მოთხოვნით: დაუყოვნებლივ შეწყდეს „ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოები. აქციაზე მოითხოვეს ასევე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომაც.

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.

შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" რიონის ხეობა დატოვოს.

ასევე ნახეთ გუშაგები რიონის ხეობაში