ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
ერთ-ერთ თავი ეხება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. ანგარიშის თანახმად, მათი შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იურიდიული პირების ეფექტიანი მართვა, რის გამოც მათ საქმიანობაში გამოვლინდა ხარვეზები.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა შექმნა ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, რომელსაც დებულების მიხედვით, ძირითადად, ევალება განუვითაროს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევები.
დოკუმენტის თანახმად, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ დახარჯულია 112.0 ათასი ლარი. ა(ა)იპ − ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი – კულინარიის და ორი – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები.
აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია კომპიუტერები.
„აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.