15 მარტის 17 საათის მონაცემებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, სადაც მედპერსონალი COVID19-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის თარიღსა და ადგილს ირჩევს, მხოლოდ 3476 სამედიცინო მუშაკი იყო დარეგისტრირებული. არადა, საქართველოში, სამედიცინო სფეროს 71 ათასზე მეტი წარმომადგენელია აღრიცხული. მათ შორის, ექიმები, ექთნები, სანიტრები და ა.შ. რატომ არ აქტიურობენ მედმუშაკები COVID19-ის წინააღმდეგ დაწყებულ ვაქცინაციის პროცესში?
ერთ-ერთი მოსაზრებით, რომელიც, მაგალითად, აქტიურად გვხვდება სოციალურ ქსელში და ამაზე თავად სამედიცინო პერსონალიც წერს, მიზეზი ისაა, რომ „მათმა უმრავლესობამ კოვიდით უკვე იავადმყოფა“.
თუმცა, თუკი რიცხვებს ჩავხედავთ, მაშინ მოსაზრება, რომ „მედპერსონალის უმეტესობამ კოვიდი უკვე გადაიტანა“, ბათილდება და აი რატომ:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 230 ათასამდე კოვიდინფიცირებული გვყავდა, მათგან სამედიცინო პერსონალის წილი კი 6%-ზე მოდიოდა. გამოდის, რომ იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო 13 800 სამედიცინო პერსონალი, ანუ მედმუშაკთა (71 000) დაახლოებით 19,5%. თუკი გავითვალისწინებთ, რომ თებერვალსა და მარტში, ქვეყანაში ზოგადად ინფიცირების რიცხვმა იკლო, ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვიც შესაბამისად, მცირედით უნდა გაზრდილიყო. ანუ, მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამედიცინო პერსონალის უმრავლესობამ კორონავირუსი უკვე გადაიტანა, მცდარია.
მეორე არგუმენტი, რომლითაც, ამ ეტაპზე, მედპერსონალის ვაქცინაციისადმი ინერტული დამოკიდებულება აიხსნება, ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკებსა და შესაბამისად, ამ კლინიკებში დასაქმებულ ადამიანებს შორის კომუნიკაციის არ არსებობა.
სწორედ ამ არგუმენტზე აკეთებს აქცენტს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე. მისი სიტყვებით, ვაქცინაციის პროცესი ჯანდაცვის მუშაკებისთვის „სრულიად გაუგებრად წარიმართა“. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგის თქმით, მედპერსონალის ნაწილი ელოდა არა ბრიტანულ-შვედური წარმოების Oxford/Astra Zeneca-ს (სწორედ ამ ვაქცინით დაიწყო საქართველოში ვაქცინაცია), არამედ Pfizer-BioNTech-ს, რომელიც საქართველოში 22 მარტისთვის უნდა შემოვიდეს და რომელიც თებერვლის შუა რიცხვებისთვის უნდა ჩამოსულიყო:
„რა თქმა უნდა, ბევრია ისეთიც [მედპერსონალი], ვისაც მართლა არ უნდა აცრა და მოცვა არ იქნება საკმარისი, მაგრამ მსურველებისთვისაც აბსოლუტურად დაუგეგმავად მოხდა რეგისტრაციის დაწყება. თავიდან კლინიკებს გვითხრეს, რომ მხოლოდ კოვიდ-კლინიკები აიცრებოდნენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის ყველა მუშაკს შეეძლო რეგისტრაცია და ეს ისე სპონტანურად მოხდა, რომ რეალურად კლინიკები არავის გაუფრთხილებია, არადა, ამის შესაძლებლობა არსებობს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სრულიად მოულოდნელად შემოვიდა, როცა ადამიანები „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდნენ და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამყოლობისთვის. შესაბამისად, ახლა მიმდინარე კამპანია ჯანდაცვის მუშაკების დადანაშაულებაზე, რომ პასიურობენ რეგისტრაციის კუთხით, ცალმხრივია. ადეკვატური კომუნიკაცია არ ყოფილა კლინიკებთან. მოულოდნელობის ეფექტი შეიქმნა, თორემ ნორმალურად თუ ახსნიდნენ სიტუაციას, თუკი დროულად გააფრთხილებდნენ, ნაკლები ადამიანი იტყოდა უარს ვაქცინაზე. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგმა, ფაქტობრივად, დღეს გაიგო, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს“.
„ფაიზერს“ დაველოდოთ“
ის, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს მართლაც ჰქონდათ ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინის Pfizer-BioNTech-ის მოლოდინი და სწორედ ამ ვაქცინით გეგმავდნენ აცრას, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რამდენიმე ექიმი ელაპარაკება. მათი თქმით, თებერვლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის უწყებამ კლინიკებისგან მედიკოსთა სიები გამოითხოვა, ისინი სწორედ იმ მოტივით დათანხმდნენ ვაქცინაციას, რომ „პფაიზერით“ აიცრებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვაქცინის შემოტანა ერთი თვით გადავადდა და მის ჩამოსვლას „ასტრაზენეკამ“ დაასწრო, გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ.
ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერ კიდევ 12 მარტის საღამოს, ქვეყანაში 43 200 დოზა „ასტრაზენეკას“ შემოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, არც მან და არც მისმა კოლეგებმა არაფერი იცოდნენ, სად, როგორ, რა ფორმით უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია არც თავად ვაქცინის შესახებ:
„არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ერთადერთი კომუნიკაცია და ისიც „პფაიზერთან“ დაკავშირებით გვქონდა თებერვლის დასაწყისში. მას შემდეგ, არც მე, არც ჩემმა კოლეგებმა, როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და თბილისში, არაფერი ვიცოდით. სულ მცირედი ინფორმაცია რომ მოეწოდებინათ წინასწარ, ხალხიც უფრო თამამად მიიღებდა გადაწყვეტილებას“.
ექიმებს შორის, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამართული ერთ-ერთი მიმოწერა კი ასეთი შინაარსისაა:
- შენ რა აზრის ხარ „ასტრაზე“?
- თავს შევიკავებდი. ავსტრიამ და დანიამ გააჩერა ორი კვირით.
- გასაგებია.
- დაელოდე „ფაიზერს“.
- მეც ასე ვფიქრობ.
- ისე, მგონი, ჩინურმა აჯობოს, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებულია.
თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, რომელიც, ჯერჯერობით, ვაქცინაციის პორტალზე არ დარეგისტრირებულა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიზეზი, რის გამოც, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, „ასტრაზენეკას“ ეფექტურობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი და ასევე ის ხანგრძლივი ინტერვალია, რომელიც პირველ დოზასა და მეორე დოზას შორის უნდა იყოს დაცული:
„არანაირი გართულების შიში არ მაქვს. მე მისი ეფექტურობის დაბალი პროცენტი და ინტერვალი მადარდებს. 6-10-კვირიან ინტერვალში, ალბათ მესამე ტალღა წამოგვეწევა. ვნახოთ.“
შეგახსენებთ, Oxford/Astra Zeneca ვექტორული ტიპის ვაქცინაა. უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
„ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვლას დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა.
„ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს და მეორე დოზის გაკეთება 4-12 კვირის შუალედშია რეკომენდებული.
„ასტრაზენეკას“ დაცვის ხარისხი ნაკლებია Pfizer/BioNtech-თან შედარებით, რომლის ეფექტიანობაც 95%-ს აღწევს და მეორე დოზა 21 დღის შუალედში ტარდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევების თანახმად, „ასტრაზენეკა“ 94%-ით ეფექტიანია ვირუსის მძიმე შემთხვევებთან ბრძოლისას. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ვაქცინირებული ადამიანი მაინც დაინფიცირდება, ვაქცინა აცრილ ადამიანს მაქსიმალურად იცავს ვირუსის გართულებისა და ჰოსპიტალიზაციისგან.
რატომ შეაჩერა დროებით Oxford/Astra Zeneca-ს გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ?
„ასტრაზენეკას“ კონკრეტული სერიის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, დანიამ, ავსტრიამ, იტალიამ, ნიდერლანდმა და ასევე ტაილანდმა ორი კვირით შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი თრომბოემბოლიის შემთხვევები. თუმცა, სამი დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს, რომ გააგრძელონ ვაქცინაციის პროცესი, რადგან მათი განცხადებით, თრომბოემბოლიის განვითარებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს:
ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ასტრაზენეკა შესანიშნავი ვაქცინაა” და არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი მასსა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის.
ამავე მოსაზრებისაა ევროპის მედიკამენტების სააგენტოც. მათი განცხადებით, არ გამოვლენილა ნიშანი, რომელიც ვაქცინასა და მისი გამოყენებით აცრილ ადამიანთა შორის თრომბის განვითარებას ერთმანეთთან დააკავშირებს: „ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და თრომბოემბოლიური შემთხვევების გამოძიების პროცესში მისი ადმინისტრირების გაგრძელება შესაძლებელია“.
14 მარტს განცხადება გაავრცელა თავად „ასტრაზენეკამაც“. მათი მტკიცებით, კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინით აცრილი ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების განხილვის შედეგად, თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არ გამოვლენილა. მათი განმარტებით, კომპანია და ევროპის ჯანდაცვის ორგანოები ვაქცინის დამატებით ამოწმებენ და არცერთი ხელახალი ტესტირება შეშფოთების მიზეზს არ იძლევა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიში ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.
ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 17 მილიონზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 15 შემთხვევაში გამოვლინდა ღრმა ვენური თრომბოზი, ხოლო 22 შემთხვევაში, ფილტვის ემბოლია.
ენ ტეილორი, უფროსი სამედიცინო ოფიცერი აცხადებს, რომ 17 მილიონ ვაქცინირებულს შორის გამოვლენილი თრომბოემბოლიის შემთხვევები, იმაზე შეუდარებლად დაბალია, ვიდრე თრომბოემბოლიის ის ასეულობით შემთხვევა, რომელიც ზოგადად, პოპულაციაში გვხვდება.
თრომბოემბოლიის ზოგადი სტატისტიკა და მსოფლიო
ამ თვალსაზრისით საინტერესოა ანი ქავთარაძის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, ზოგადად, მსოფლიოში თრომბოემბოლიის შემთხვევების შესახებ.
ექიმი ეყრდნობა გავლენიანი სამედიცინო პორტალის UPTODATE-ის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში, ზოგადი სიხშირე მაგალითად, ფილტვის თრომბოემბოლიის შემთხვევებისა, ყოველ 100.000 მოსახლეზე ქალი/კაცი – 56/48 მერყეობს. ეს სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და მაგალითად, 75 წლის ზევით ქალებში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500-ს აღწევს.
ანი ქავთარაძე ეყრდნობა კიდევ ერთ წყაროს, ამჯერად, ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ნაციონალური ცენტრის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, ევროპაში, ფილტვის თრომბოემბოლიის სიხშირე, ან მხოლოდ ღრმა ვენების თრომბოზი მერყეობს 29-დან-78-მდე და 45-დან -117-მდე, ყოველ 100.000 მოსახლეზე.
ამერიკის გულის ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, კი აშშ-ში, ყოველწლიურად, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ვენური თრომბოემბოლიის 100 შემთხვევა ფიქსირდება. 80 წელს ზევით მოსახლეობაში კი 500-მდე ადის:
„იმ ფონზე, როდესაც ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, ნებისმიერი დაავადება, მისი გართულება, მათ შორის სიკვდილიც, შესაძლებელია ასოცირებული იყოს ვაქცინაციასთან. რა თქმა უნდა, თითოეული შემთხვევა უნდა იქნას შესწავლილი ინდივიდუალურად და შედეგები გახდეს საჯარო. იმ ფონზე, როდესაც დღეისთვის უკვე ადმინისტრირებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 345 მილიონი დოზა მსოფლიოს 121 ქვეყანაში, დასკვნის სახით, ამ ეტაპისთვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე რისკები“, - ამბობს ანი ქავთარაძე.
მოწოდება მედპერსონალს
ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეა.
როგორც მან აცრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, „ასტრაზენეკას“ და „პფაიზერის“ ვაქცინები ერთნაირად მაღალი ხარისხისაა და „ასტრაზენეკას“ კავშირი სისხლის შედედების პრობლემასთან არ არის დადასტურებული. აცრის პროცედურის დასრულების შემდეგ, მან ექიმებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა:
„როდესაც „პფაიზერის“ შემოტანაზე იყო ლაპარაკი, ზუსტად ასევე იყო მაშინაც. ნორვეგიაში 23 ადამიანი რომ გარდაიცვალა „პფაიზერის“ შემდეგ, ამაზე იყო ატეხილი ამბავი, ვაიმე პფაიზერიო! ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც რომელიმე ვაქცინის წინააღმდეგია, ის ყველა ვაქცინის წინააღმდეგია. ეს ვაქცინები არის კოვიდისგან დასაცავად. სხვა დაავადებებისგან ისინი ვერ იცავს. როდესაც ასეულ მილიონობით ადამიანი იცრება, სამწუხაროდ, ვიღაცას რაღაც მოუვა და ამისი დაკავშირება ვაქცინასთან უბრალოდ, შეუძლებელია. სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც არიან ადამიანები, ვინც ამას აგორებენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ექიმი იმიტომ არის ექიმი, რომ მას უნდა ჰქონდეს მეცნიერული მტკიცებულებები და უნდა ეცნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა რაღაც ჭორებს. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ჩემს ყველა კოლეგას, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, აუცილებელია ქვეყანაში აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი. პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩემს კოლეგებს. ხედავთ, გავიკეთე ვაქცინა, არაფერი საშიში არ არის“.
ვაქცინაციისკენ მოუწოდა ექიმებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. ის ვაქცინაციის პროცესს რესპუბლიკურ კლინიკაში დაესწრო. ამირან გამყრელიძეს 15 მარტს ვაქცინა არ გაუკეთებია, რადგან მისი კოვიდინფიცირებიდან 120 დღე ჯერ არ არის გასული, როგორც ამას კოვიდ-ვაქცინაციის პროტოკოლი მოითხოვს. ამირან გამყრელიძე აცრას 29 აპრილს გეგმავს:
„მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, ვინც მუშაობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65%. ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები, მედიცინის მუშაკები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად, სოლიდარულები ვიქნებით ამ პროცესში“.
ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს COVID-ვაქცინით აიცრა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის 73 წლის თანამშრომელი, თამარ გიორგაძეა:
„სურვილი გამოვთქვი, რომ პირველი ავრცილიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი კოლეგებისთვის, მედიცინის მუშაკებისთვის და საერთოდ, საზოგადოებისთვის“.
15 მარტს არ აცრილა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. თუმცა, როგორც მან ტელეკომპანია რუსთავის 2-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები ჩნდება, ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გაიკეთოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა:
"თუმცა საინტერესოა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომლებთანაც, ასევე, შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, "ჩინური ვაქცინა", გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა სხვა საჯარო პირმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც“.
მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ მაისიდან შესაძლებელი იქნება კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მან "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ აპრილი და მაისი ვაქცინების მიღების კუთხით საქართველოსთვის წარმატებული იქნება.
საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა ვაქცინა, 13 მარტს მიიღო. ეს დოზები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი. 22 მარტისთვის ქვეყანა ელოდება 29 250 დოზა ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს, რომლითაც 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკის აცრაა დაგეგმილი.
არსებობს თუ არა კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც ქვეყანაში შემოსული 43 200 დოზა ვაქცინა უნდა გაიხარჯოს? თუკი არ გამოჩნდა ვაქცინაციის მსურველი მედმუშაკების საჭირო რაოდენობა, როგორია ჯანდაცვის უწყების სტრატეგია, როგორ გადანაწილდება ვაქცინები და როდის ეცნობებათ ამის შესახებ მოქალაქეებს? - რადიო თავისუფლების ამ კითხვებს, ჯანდაცვის სამინისტროში 15 მარტს არ უპასუხეს.
თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ტელეკომპანია "იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ ქვეყანაში არსებული 43 000 დოზა ვაქცინის ათვისება სწრაფად და ეფექტურად არ მოხდა, საერთაშორისო პარტნიორებთან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები სჭირდება და მზადაა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამა ფართო მოცვით განახორციელოს. ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში თამარ გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის აქტივობა და ტემპი მომდევნო დღეებში გაიზრდება.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამედიცინო მუშაკების 65% აიცრება (46 420 მედმუშაკი), ვაქცინაციის პროცესი გადაინაცვლებს ხანდაზმულთა პანსიონატებში, სადაც აიცრებიან, როგორც ბენეფიციარები, ისე იქ დასაქმებული პირები. მათი საერთო რიცხვი 2000-ს აღწევს. ამის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან 75 წელს ზემოთ მოქალაქეები და რისკ-ჯგუფში მყოფი პირები.
საერთო ანგარიშით, წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანია. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპრილში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ 90 ათასამდე დოზა ვაქცინას ელის.
ამასთანავე, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გარდა „კოვაქს პლატფორმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც, მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია. როგორც 11 მარტს გახდა ცნობილი, ამ 200 ათასი ვაქცინიდან 100 ათასი ვაქცინა ჩინური წარმოების „სინოფარმია“.
15 მარტის Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს 122 ქვეყანაში 395 მილიონი აცრაა ჩატარებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 15 მარტის 17 საათისთვის, საქართველოში 500-მდე მედმუკაში იყო აცრილი.