ცეკვა პირბადით - რეპეტიციები განახლდა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რეპეტიციები განაახლეს თეატრებმა და საცეკვაო დასებმა. ანსამბლმა „რუსთავმა“ რეპეტიცია PCR ტესტირებით დაიწყო, მოცეკვავეებს ამ პროცედურის გავლა თვეში ორჯერ მოუწევთ. ტესტი ჩაუტარდებათ როგორც ანსამბლის წევრებს, ასევე დასის შტატგარეშე თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ.

ტესტების გარდა, მკაცრად დავიცავთ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. ყოველდღე დასუფთავდება და განიავდება სარეპეტიციო დარბაზები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანსამბლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ.
იძულებითი პაუზის შემდეგ პირველ რეპეტიციას ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი, ფრიდონ სულაბერიძე გაუძღვა.

„თითქმის ერთი წელი არ გვქონია რეპეტიცია. ქართულ ცეკვას ურთულესი მოძრაობები აქვს და ერთი თვე მაინც უნდათ, რომ შევიდნენ ფორმაში, შემდეგ დავიწყებთ პროგრამაზე მუშაობას“.

ფრიდონ სულაბერიძეს იმედი აქვს, რომ ანსამბლი რამდენიმე თვეში მაინც მოახერხებს გასტროლებზე წასვლას უკრაინასა და პოლონეთში.

„მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხალხიც მონატრებულია, უნდათ კონცერტები. უბრალოდ, ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, ეს ავადმყოფობა ძალიან ცუდი რამაა“.

"პირბადით მოძრაობა რთულია, მაგრამ რას ვიზამთ, ესაა რეგულაციები. ასატანია," - ნინო ლაზიშვილი, მოცეკვავე

„წარმოიდგინეთ მდგომარეობა მოცეკვავის, რომელიც მთელი ცხოვრება არის ვარჯიშში, და უცებ გაჩერდა ყველაფერი, მოდუნდა სხეული. ამიტომ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც რთული იყო ჩვენთვის. ამ დღეს ძალიან ველოდით, პატარა ბავშვებივით გვიხაროდა და ახლა მთელი გულით და სულით შევუდგებით მუშაობას“, - ამბობს მოცეკვავე.

ნინო ლაზიშვილი რეპეტიციის დაწყებამდე

„იმდენად გვინდოდა აქ მოსვლა, რომ შიშიც კი გაგვიქრა. ეს არის ჩვენი ჰაერი, ცხოვრების აზრი“.

დღეს რეპეტიციები განახლდა გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზშიც. რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე „ივან ვასილევიჩის“ პრემიერას ორ აპრილს გეგმავს.

„ვიწყებთ დიდი პაუზის შემდეგ. პირბადეებით ვართ ყველა, მსახიობების გარდა. დღე-დღეზე უნდა გავიკეთოთ PCR ტესტები. უკვე დაგვავიწყდა, რას ნიშნავს პარტერიდან მიღებული ენერგია, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის. ამიტომ დიდი მოლოდინი გვაქვს, თითქოს ფერფლიდან უნდა აღვდგეთ“.

ახალი სპექტაკლის მთავარი გმირი სისუფთავის მანიითა შეპყრობილი. მსახიობი ვასილ გაბაშვილი რეპეტიციაზე.

„კომედიაა და გასახალისებლად დეტალები შემოტანილი გვაქვს ისეთი, რაც პანდემიის გამოძახილია - მაგალითად, გვყავს პერსონაჟი, რომელიც თავგამოდებით იცავს სისუფთავეს“.

ნიკა ჩიკვაიძე - რეჟისორი

„საერთოდ, ამ წელმა, შემოქმედებითი კუთხით ბევრი რამ გადაგვაფასებინა. დისტანცირება ჩემთვის პირადად კარგი იყო, მოვასწარი რეფლექსია, რომელსაც ჩვეულებრივად ვერ ვასწრებ და იდეებით უფრო დახუნძლული დავბრუნდი.

უმოქმედობაშიც არის მოქმედება. მსახიობი სამწხუხაროდ ამ შემთხვევაში ჩერდება, მაგრამ რეჟისორი მომავალი სპექტაკლებისთვის მუშაობს“.

გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზი 130 მაყურებელზე გათვლილი, თუმცა იგეგმება 68 მაყურებლის ჭადრაკული წესით დასმა. თითოეული მაყურებლის უკან და გვერდით სკამი ცარიელი დარჩება.

„გვექნება დეზობარიერი და შემოსასვლელში შემოწმება. სალაროში მოვითხოვთ, რომ ბარათით გადაიხადონ და არა ნაღდი ფულით“, - ამბობს თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა ფანჯიკიძე.

„ასევე ყოველდღიურად ვაკეთებთ დეზინფექციას - როგორც დარბაზის, ასევე სცენის, რეკვიზიტის და კოსტიუმების. ეს რეპეტიციების მერეც ხდება და არა მხოლოდ წარმოდგენის შემდეგ“.

თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე დასწრებას მაყურებელი 1 აპრილიდან შეძლებს.