ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, მოუწოდა საპატიმროებში მყოფ პოლიტპატიმრებს, რომ შეწყვიტონ პროტესტის ნიშნად გამოცხადებული შიმშილობა.
ციხანოუსკაიას 15 მარტის მიმართვის ადრესატები არიან ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი, მუსიკოსი იჰარ ბანცერი და სამოქალაქო აქტივისტი დმიტრი ფურმანოვი, რომლებმაც მათ მიმართ შეთითხნილი ბრალდებებისა თუ საპატიმროებში შექმნილი მძიმე პირობების გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
„შიმშილობის ფორმით პროტესტის გამოხატვით, ახლა თქვენ საკუთარ სიცოცხლეს აყენებთ რისკის ქვეშ. მაგრამ ჩვენ, ბელარუსები, არ ვართ მზად თქვენი ასეთი რისკისთვის. თქვენ სჭირდებით ახლობლებს, მშობლებს და შვილებს. თქვენ სჭირდებით ბელარუსს“, - მიმართა ციხანოუსკაიმ პოლიტპატიმრებს თავისი ტელეგრამ-არხით.
ციხანოუსკაიას თქმით, ის აკეთებს ყველაფერს, რომ მათ გარდა საპატიმროებიდან გათავისუფლდეს ბელარუსის ციხეში „უდანაშაულოდ გამომწყვდეული“ ასობით სხვა პატიმარიც.
ბელარუსის რეჟიმის მიერ დაპატიმრებულმა ბლოგერმა, ტელეგრამის არხის, „ბელარუსის თავის ტვინის“ ავტორმა იჰარ ლოსიკმა 13 მარტს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და ხელის გადაჭრას შეეცადა გამომძიებლის თვალწინ, რომელმაც მას ახალი ბრალდება წაუყენა.
ბელარუსმა სამართალდამცველებმა იჰარ ლოსიკი დააკავეს შარშან, 25 ივნისს, რასაც წინ უძღოდა მოწმეების თანდასწრებით მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა.
15 დეკემბერს მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის ორი მუხლით, რაც 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზებისა და მასობრივი არეულობის მომზადებაში მონაწილეობისთვის.
გროდნოელმა მუსიკოსმა იჰარ ბანცერმა 3 მარტს გამოაცხადა მშრალი შიმშილობა. იგი 2020 წლის 20 ოქტომბერს დააკავეს „ხულიგნობის“ ბრალდებით. მანამდე მას სამჯერ მოიხადა ადმინისტრაციული სასჯელი ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობისთვის.
დმიტრი ფურმანოვი სამართალდამცველებმა შარშან, 29 მაისს დააკავეს ქალაქ გროდნოში, სვიატლანა ციხანოუსკაიას მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების დროს. მას ბრალად ედება საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა. ფურმანოვმა საპატიმროში გამეფებული არაადამიანური პირობების გამო 11 მარტს დაიწყო შიმშილობა.
ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.
ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.
აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის გარემოცვას.