„სომეხი დედა“ - ქალი, რომლის მიხედვითაც გამოიძერწა სომხეთის ცნობილი ქანდაკება

გენია მურადიანი

1960 წლის შემოდგომა იყო. გენია მურადიანი დედასთან ერთად ერევნის ცენტში საყიდლებზე გავიდა და... ქალაქის იერსახე შეცვალა.

ორი ქალი პომიდვრების რიგში იდგა, როდესაც გენიამ შენიშნა, რომ ვიღაც ულვაშიანი კაცი მიშტერებოდა. გოგონა შეშინდა და დედას უთხრა. ქალმა პომიდვრები უკანვე ჩააწყო, რიგი დატოვა, თავის ლამაზ ქალიშვილს ხელი მოხვია და მაღაზიიდან გამოვიდნენ.

ქუჩაში მათ იგივე მამაკაცი მიუახლოვდათ, მან ბოდიში მოიხადა და თავი წარადგინა.

არა ჰარუტუნიანი - ასე ერქვა მამაკაცს. მას დავალებული ჰქონდა შეექმნა ეპიკური სკულპტურა, რომელიც ერევანში სტალინის ძეგლს ჩაანაცვლებდა. ეძებდა ქალს, ვისი გარეგნობაც დედობის, კერძოდ „სომეხი დედის“ შესატყვისი იქნებოდა. სკულპტორს მიაჩნდა, რომ გენია მურადიანის სახით სწორედ ასეთი არქეტიპი იპოვა.

არა ჰარუტუნიანი

ამ შეხვედრიდან 61 წლის შემდეგ, 78 წლის გენია მურადიანი, რომელიც დღეს ერევნის ცენტრში ცხოვრობს, იხსენებს:

„დედამ მაშინვე უარი სტკიცა. მოქანდაკემ უთხრა, კარგი, აგერ ჩემი ტელეფონის ნომერი და თუ გადაიფიქრებთ, დამირეკეთო“.

როდესაც გენიას ძმამ ამ შეთავაზების შესახებ შეიტყო, აღელდა. ცნობილი ხელოვანი ჰარუტუნიანი სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში მისი ლექტორი იყო. სახელოსნოში ორივე ერთად მივიდნენ. მურადიანი 4-5 სეანსის განმავლობაში პოზიორობდა, ხელი წელთან ეკავა. დარწმუნებული არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ თავდაპირველად მოქანდაკემ მისი სახე თიხისგან გამოძერწა.

„ბევრს არ ლაპარაკობდა“ - ამბობს გენია, - „სამუშაოზე იმდენად იყო კონცენტრირებული, რომ ეს ცოტა შეშფოთებასაც კი იწვევდა ჩემში. როცა გიყურებდა, თითქოს გამვჭირვალეს გხედავდა“.

1967 წელს მონუმენტმა მზის სინათლე იხილა. მაგრამ გენია 40 წლის განმავლობაში ინახავდა საიდუმლოდ, რომ ის იყო ამ ქანდაკების მოდელი, ქმრისთვისაც კი არ უთქვამს.

როდესაც მონუმენტი პირველად ნახა, გენიამ მოქანდაკეს ჰკითხა, გადაბმული, ერთიანი წარბი რატომ გაუკეთეო. ჰარუტუნიანმა უპასუხა, რომ მან გარკვეული კრეატიული ხაზები შეიტანა ქანდაკებაში, „მონუმენტი ძლიერი ქალის სიმბოლო იყო. ეს არის ძალა, რომელსაც მე შენში ვხედავ“.

გენია მურადიანი ამბობს, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში მას მონუმენტი ეხმარებოდა და ასევე ისიც, რაც მოქანდაკემ უთხრა.

„მითხრა, რომ ჩემში ძალას ხედავდა, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ ამ ძალას, მგონია, სუსტი ვარ და ადვილად დამარწმუნებ რამეში... მაგრამ მე ამირჩიეს ვყოფილიყავი „ძალის“ სახე, ამიტომ, როდესაც მონუმენტს ვუყურებდი, მახსენდებოდა, რომ უბრალოდ ძლიერი უნდა ვიყო. ეს მთელი ცხოვრება მამხნევებდა“.

გენია მურადიანი

ახლა მურადიანი მონუმენტს ყოველდღე გაჰყურებს ფანჯრიდან. ის „თითქოს ოჯახის წევრია“. სიამოვნებით აკვირდება, როგორ ანათებენ თანამედროვე ტექნიკით მთაზე შემომდგარ ქანდაკებას დღესასწაულებზე. წუხს, როცა ის მოვლილი და სუფთა არ არის. თუმცა, მონუმენტი დასუფთავების ბრიგადას მართლაც სერიოზულ პრობლემას უქმნის.

.

გენია მურადიანი ამბობს, რომ „ფიზიკურ ტკივილს“ გრძნობდა, როდესაც ყარაბაღის ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროს ახალ ამბებს ადევნებდა თვალს და ხედავდა, როგორ ტიროდნენ დედები შვილებს. იმასაც ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, როცა ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან, მაგრამ მაინც იმედოვნებს, რომ ბევრი მაინც ეცდება, წარმატებას საკუთარ ქვეყანაში მიაღწიოს.