პაატა იმნაძე: ვაქცინის შემდეგ, არ ნიშნავს ვაქცინის გამო

პაატა იმნაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები ერთნაირად მაღალი ხარისხისაა. იმნაძეს, რომელიც დღეს აიცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება ამ ეტაპზე, ვაქცინაციის მსურველი მედიკოსების პასიურობა იმას, რომ ისინი უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევენ „ფაიზერის“ ვაქცინას და მის შემოტანას ელოდებიან.

„როდესაც ფაიზერის შემოტანაზე იყო ლაპარაკი, ზუსტად ასევე იყო მაშინ, ნორვეგიაში 23 ადამიანი რომ გარდაიცვალა ფაიზერის შემდეგ, ამაზე იყო ატეხილი ამბავი, ვაიმე ფაიზერიო! ეხლა არის ასტრაზენეკაზე. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც რომელიმე ვაქცინის წინააღმდეგია, ის ყველა ვაქცინის წინააღმდეგია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, „ვაქცინის შემდეგ, არ ნიშნავს ვაქცინის გამო“.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ თქვა, მსოფლიოში ასეულობით მილიონი ადამიანი იცრება: „ეს ვაქცინები არის კოვიდისგან დასაცავად. სხვა დაავადებებისგან ისინი ვერ იცავს. როდესაც ასეულმილიონობით ადამიანი იცრება, სამწუხაროდ, ვიღაცას რაღაც მოუვა და ამისი დაკავშირება ვაქცინასთან, უბრალოდ, შეუძლებელია“.

პაატა იმნაძის თანახმად, „ასტრაზენეკას“ შესახებ უკვე გამოქვეყნდა ევროპის წამლის სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერულად დამტკიცებული მონაცემები, რომ სისხლის შედედების პრობლემა ვაქცინაციას არ უკავშირდება:

„სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც არიან ადამიანები, ვინც ამას აგორებენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ექიმი იმიტომ არის ექიმი, რომ მას უნდა ჰქონდეს მეცნიერული მტკიცებულებები და უნდა ეცნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა რაღაც ჭორებს“.

ბოლო ხანს, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, დანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ბულგარეთმა და ირლანდიამ, დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულ ადამიანს თრომბის პრობლემა გაუჩნდა, ზოგიერთი კი, გარდაიცვალა. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში ერთ-ერთი ბოლო იყო ირლანდია, თუმცა, ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თრომბოზთან ვაქცინის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს და აცრა დროებით შეაჩერეს მხოლოდ სიფრთხილის გამო.

გასულ პარასკევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უარყო, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის რაიმე კავშირია და სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდა, ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ.

თავად კომპანია „ასტრაზენეკამ“ 14 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემთა დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ არ არსებობს ვაქცინასა და თრომბის რისკებს შორის კავშირის არანაირი მტკიცებულება.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ცრიან. 14 მარტის მდგომარეობით, ვაქცინის გასაკეთებლად დარეგისტრირებული იყო 2 ათასზე მეტი მედიკოსი.

22 მარტისთვის ქვეყანა ელოდება ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს.