დავით ბაქრაძე: დროის გაწელვა მოლაპარაკების ტაქტიკად არ უნდა იყოს გამოყენებული

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს გონივრულ ვადაში. ეს არის მისი კომენტარი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"გონივრული ვადა გვესმის ისე, რომ პროცესი ვერ გაგრძელდება განუსაზღვრელად. ვერ გაიწელება პროცესი. მხარეებმა არ უნდა გამოიყენონ დროის გაწელვა როგორც მოლაპარაკების ტაქტიკა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ", - თქვა მან.

დროსა და შეთანხმებაზე ისაუბრა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც:

"აქ დათმობა-არდათმობაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია, როდის შევთანხმდებით. მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა, ეს, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება, რომ მოგება-წაგებაზე არ არის".

კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები დასრულდა. ჯერ უცნობია, როგორ და როდის გაგრძელდება შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებთან.

ასევე ნახეთ იოსელიანი: მართლმსაჯულების რეფორმის ვადამდელი არჩევნებისთვის გადაყოლება არ არის სწორი
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე: კრისტიან დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერავინ გაექცევა შეთანხმებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლოებაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა.