ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე შემცირდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.
„ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი, რომ მესამე ტალღა გავრცელდება“, - განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, არ უნდა მოვიტყუოთ თავი იმით, რომ ვაქცინაცია ყველა რისკს მოხსნის.
„ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. ამერიკამ, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა მოსახლეობის 90% აცრა, მაგრამ ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენც ნუ გვექნება სწრაფი მოლოდინი. საჭიროა დრო, რათა გამომუშავდეს იმუნიტეტი. მანამდე კი პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.