მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ადმინისტრაცია

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც რუსული ენისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შეტანილი იქნება სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის, არაიკ არუთიუნიანის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი უკვე იურიდიულ ძალას შეიძენს.

საკანონმდებლო პროექტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ოფიციალურ ენებად სომხური და რუსული ცხადდება.
თუმცა ამ საკანონმდებლო ინიციატივას ეწინაღმდეგებიან მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი სამშობლოს“ დეპუტატი არუთიუნიანი და ასევე მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის პედაგოგები და თანამშრომლები, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს მთიანი ყარაბაღის ეროვნულ კრებას.

„სომხური ენის გათანაბრება სხვა ენასთან ნიშნავს სახელმწიფოებრიობის ეროვნული იდენტურობის დაკარგვას და საფრთხეს უქმნის ჩვენს აწმყოს და მომავალს“, - ნათქვამია ღია წერილში.

ავტორები მოუწოდებენ კანონმდებლებს, რომ რუსულს მიენიჭოს მხოლოდ ერთა შორის ურთიერთობის ენის სტატუსი.