სალომე სამადაშვილი: „პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას სურს, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ხალხს, რაც სჭირდება საქართველოს და მის სტაბილურ განვითარებას.

„ეს მოითხოვს, ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა საუბრის გაგრძელება კიდევ საჭიროა.

„ვფიქრობ, რომ ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჯერ ადრეა. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩევლებს და ქართველ ხალხს, მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების შედეგად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო, შესაბამისად, თითოეული საქართველოს მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად და არა უარესად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერებთან ერთად.