შსს: უსაფრთხოების მიზნით, ქუთაისში მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება.


საპროტესტო აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან. მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს უცხოელი ინვესტორის ხელში. მეორე მოთხოვნაა, გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. მესამე, რომ 2015 წლიდან გაცემული ყველა დოკუმენტაცია გაბათილდეს და საბოლოოდ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა“, - თქვა რიონის ხეობის მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.