როგორ დავრეგისტრირდეთ COVID-ვაქცინაზე - ინსტრუქცია

დღეიდან ამუშავდა ვებსაიტი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას შეძლებენ. საწყის ეტაპზე, რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ, მოგვიანებით კი იმავე ვებგვერდზე მონაცემების შეყვანით მოქალაქეები ვიზიტს დაჯავშნიან.

booking.moh.gov.ge-ის აკრეფის შემდეგ ორი ველი ჩნდება, ერთი განკუთვნილია მოქალაქეებისთვის (დასარეგისტრირებელი პირებისთვის), მეორე კი კლინიკებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.

რეგისტრაცია 4 ეტაპისგან შედგება: სერვისის მიღების დეტალების მითითება, პირადი მონაცემების შევსება, დასტურის მიღებისგან და დასრულებისგან.

ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყებამდე რეგისტრაცია მოქალაქეებს არ შეუძლიათ.

I ეტაპი - სერვისის მიღების დეტალების მითითება

ამ ველში მოქალაქე უთითებს:

  • ვაქცინაციისთვის სასურველ თარიღს (შესაძლებელია 15 დღით წინსწრებით დაჯავშნა);
  • რეგიონს;
  • აცრის გასაკეთებელ დაწესებულებას;
  • დროს - მოქალაქეს "სტაფილოსფერ" ველში უჩანს თავისუფალი დრო.

მხოლოდ ამ მონაცემების შევსების შემდეგ არის შესაძლებელი შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

II ეტაპი - პირადი მონაცემები

რეგისტრაციის გასაგრძელებლად აუცილებელია პირადი ნომრის, დაბადების წლის, სახელისა და გვარის, ასევე, მობილურის ნომრის შეყვანა. შესაძლებელია, თუმცა სავალდებულო არ არის, ელ. ფოსტის მითითებაც.

III ეტაპი - დადასტურება

​ამ ველში მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს, რამდენად სწორად მიუთითა მონაცემები და შემდეგ უკვე მოითხოვოს დადასტურების კოდი.

IV ეტაპი - დასრულება

"ვერიფიკაციის კოდის" მიღების შემდეგ შესაძლებელია რეგისტრაციის დასრულება. თუ მოქალაქეს დაავიწყდება, სად არის რეგისტრირებული ვაქცინაციისთვის, მას სისტემა საშუალებას აძლევს, პირადი ნომრითა და ჯავშნის ნომრით ან პირადი ნომრითა და მობილურით ხელახლა გაეცნოს მონაცემებს.

იგივე ინსტრუქციაა მოცემული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მომზადებულ ვიდეომასალაში.