საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. IRI-ს ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. ანგარიშის მიგნებების მიხედვით:
- წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებზე და ინფორმაციაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებულ კანდიდატებს შორის დებატების სიმცირე და უკიდურესად პოლარიზებული მედია-გარემო იწვევდა საარჩევნო პროცესების ფოკუსირებას პიროვნებებზე და რიტორიკაზე და არა პოლიტიკაზე ან მოქალაქეების საჭიროებებზე.
- დამკვირვებელთა სანდო ჯგუფები და არაერთი თანამოსაუბრე, რომლებთანაც IRI შეხვედრებს მართავდა შეფასების მთელი პერიოდის განმავლობაში, აღნიშნავდნენ დარღვევების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იძულებისა და დაშინების ფაქტებს, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების, პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ჩარევისა და სხვა უკანონო ქმედებების შესახებ.
- ხარვეზები გამოვლინდა ასევე შედეგების მართვის, შემოწმებისა და დადასტურების პროცესში. გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა შედეგების დათვლის, გადამოწმებისა და დადასტურების თვალსაზრისითაც. საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე ხმის დათვლისა და შედეგების გადამოწმების სისტემების ანალიზისა და შემაჯამებელი ოქმების გადამოწმების შედეგად გაჩნდა ეჭვი შედეგების შესაძლო მანიპულაციის შესახებ.
ხმის დათვლა და შედეგების შეჯამება
- მონიტორინგის ჯგუფებმა, მათ შორის მისიის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ იყო მათემატიკურად დისბალანსირებული ამ სხვა ხარვეზის მქონე ოქმების დიდი რაოდენობა. მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციამ IFact-მა გადაიანგარიშა ყველა პროპორციული ოქმის შედეგები, არჩევნების ღამეს ან 1 ნოემბრის დილით შედგენილი ცვლილებების ოქმების გათვალისწინებით. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ქვეყნის 3 791 პროპორციული ოქმიდან 930(25%) ოქმში არ იყო დაცული ბალანსი და არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა აისახა. ზოგიერთი ოლქის შემთხვევაში ეს პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მეტი იყო და 40%-ზე მეტი დისბალანსირებული ოქმი იყო ასახული.
- შესწორებული ოქმების რაოდენობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 74 % გაიზარდა. შესწორებული ოქმების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ცხადყოფს, რომ შედეგების დათვლა ხშირად არ იყო სათანადოდ გადამოწმებული მათემატიკური ბალანსის თვალსაზრისით, ვიდრე შედგებოდა საბოლოო ოქმები და წარედეგინებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს.
- ოპოზიციურმა პარტიებმა დედაქალაქში დაარსეს ხმების დაცვის ოპოზიციური ცენტრი, რომლის მიზანი იყო ყველა საჩივრისა და არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევების ცენტრში თავმოყრა. მართალია, ეს ყველაფერი ინოვაციური ხასიათის იყო, ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების სისტემატურად შეგროვება მათი საჩივრების დასადასტურებლად.
- დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების უმეტესობა ეხებოდა დაუბალანსებელ შემაჯამებელ ოქმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების, შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
დარღვევები:
- 2020 წელს ISFED-მა დააფიქსირა ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შემთხვევები სადამკვირვებლო უბნების ორ პროცენტში, რაც 2016 წელთან შედარებით 100%-იანი ზრდაა. ფიზიკური დაპირისპირებები მოხდა საბურთალოს, სამგორის, გლდანის, გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყაროს, რუსთავი-გარდაბნის, მარნეული-გარდაბნის, ქუთაისისა და ზუგდიდის რაიონების საარჩევნო უბნებთან ახლოს. დამკვირვებლებმა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ასევე აღნიშნეს საარჩევნო პროცედურებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევების შემთხვევები არჩევნების დღეს.
მედია
- მედია იყო უკიდურესად პოლარიზებული და მჭიდროდ დაკავშირებული პოლიტიკურ აქტორებთან და ბიზნეს-ჯგუფებთან. ამ რეალობამ ხელი შეუწყო (მიკერძოებული) სარედაქციო პოლიტიკის ზეგავლენით მომზადებული და არა ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბების სიმრავლეს. სატელევიზიო მედია, ქართველებისათვის ახალი ამბებისა და ინფორმაციის მთავარი წყარო, ჩვეულებრივ აღიქმებოდა ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერად. ონლაინ სივრცეში, მედია საშუალებები ხშირად არ ასხვავებდნენ ფასიან და რედაქციის მიერ მომზადებულ მასალას.
დასკვნა
- საარჩევნო რეფორმებმა, რომლებმაც მცირე პარტიებს საშუალება მისცა შესულიყვნენ პარლამენტში და გადაელახათ ბიპოლარული სისტემა, შედეგად გამოიღო გაუმჯობესებული პოლიტიკური და გენდერული წარმომადგენლობა
- ცესკო, საარჩევნო სუბიექტები და ამომრჩევლები მზად აღმოჩნდნენ კოვიდ-19-ის გამო შექმნილ გამოწვევებთან რეაგირებისთვის
- საარჩევნო სუბიექტების, საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების და ინდივიდუალური კანდიდატების ინკლუზიურმა რეგისტრაციამ, აგრეთვე საარჩევნო მოხელეების ტრენინგებმა და სამოქალაქო განათლების ინიციატივამ ცესკოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი აჩვენა. მიუხედავად ამისა, დაშინების ფაქტებმა, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციამ, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებმა და დისბალანსირებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს.
- საარჩევნო კომისიის ზედა დონეზე სუსტი რეაგირების გამო, საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ დაბალი დარჩა, განსაკუთრებით შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის ჭრილში.
- საჩივრების განხილვისა და რეაგირების პროცესის არასათანადოდ შესრულებამ შეაფერხა პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლება გაეგრძელებინათ იურიდიული დავები, რადგან ისინი უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან პროცედურული ბარიერის გადალახვაზე, ვიდრე თითოეული საჩივრის შინაარსზე.
- საზღვრების ბუნდოვანება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ისევე როგორც პოლიტიკასა და მედიას შორის გაგრძელდა მთელ რიგ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მმართველ პარტიაში და ნეგატიურად დაარეგულირა საარჩევნო დარღვევები, რომელთა უმეტესობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას, მაგრამ დარჩა დაუსჯელი.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". ამ დროისათვის ოპოზიციიდან პარლამენტში მხოლოდ "მოქალაქეების" 2 წევრი და "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასული 4 დეპუტატი შევიდა. დანარჩენი ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.