რა გვიხარია, როცა ბასილაშვილის გამარჯვება (არ) გვიხარია?

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებამ ჩოგბურთის შვეიცარიელ ლეგენდაზე, როჯერ ფედერერზე, საზოგადოება საქართველოში, ფაქტობრივად, ორად გაყო:

სოციალურ ქსელებში ნაწილი დაუფარავად გამოხატავდა გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს და ბასილაშვილს კარიერულ წინსვლას მთელი გულით ულოცავდა, ნაწილი კი წერდა, რომ გმირი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული და რომ ასე აღტაცებით ამ ფაქტის აღნიშვნა და „სავარაუდო მოძალადის“ წახალისება არასწორია.

ერთნი ითხოვდნენ, რომ მათთვის სიხარულის გამოხატვა ეცლიათ:

და რომ ჯერ სასამართლომ უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა ნამდვილად ნიკოლოზ ბასილაშვილი.

და რომ მათ მილოცვის უფლებას ვერავინ აუკრძალავს.

მეორენი ცდილობდნენ აეხსნათ, ბასილაშვილის ასეთი საქვეყნო წახალისებისას რას გრძნობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები:

ან ასეთ კითხვას სვამდნენ:

ზოგი კი პირდაპირ მიუთითებდა, როგორი ქალთმოძულე ერი ვართ:

ნიკოლოზ ბასილაშვილს ტვიტერიდან მიულოცა გამარჯვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა: რა ისტორიული დღეა - დაწერა მან:

ფეისბუკურ გარჩევებს მიღმა მართლა არსებობს ორი აზრი და ამ ორივე აზრის მქონე ადამიანებს აქვთ თავიანთი არგუმენტები - რატომ უნდა გვიხაროდეს ან არ გვიხაროდეს ბასილაშვილის გამარჯვება, უნდა გავმიჯნოთ თუ არა სპორტი და დანარჩენი ცხოვრება, უნდა გამოვხატოთ თუ არა ეს სიხარული და ამ გამოხატვით ვახალისებთ თუ არა ძალადობას და აქვს თუ არა ვინმეს უფლება მიგვითითოს რა დოზით შეგვიძლია გამოხატოთ ემოცია.

მოსაზრება #1 - დიახ, გამიხარდა და აი, რატომ

ირმა იანტბელიძე, გამომცემლობა „პალიტრა L''-ის რედაქტორი:

ირმა იანტბელიძე

  • ჩოგბურთი ძალიან მიყვარს და ბასილაშვილის გამოსვლებს თვალს სულ ვადევნებ. ამჯერად იმხელა შედეგი დადო, ფაქტობრივად, მიუღწეველი, რაც აქამდე არც ჰქონია სხვა ქართველ ჩოგბურთელს, რომ მართლა ძალიან გამიხარდა. თან წაგება წაგებაზე ჰქონდა და არც ველოდი ამას. მოუგო ფედერერს - ეს არ არის პატარა ამბავი.
  • ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ სოციალურ ქსელში წამოვიდა მეორე უკიდურესობა - თურმე ფედერერი მოხუცია, დაუძლურებულია... ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ბასილაშვილის ეს გამარჯვება გაეუფერულებინათ, რაც ჩემთვის ცოტა სასაცილოა.
  • ისიც გასაგებია, რომ ბასილაშვილის საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ის დამნაშავეა? თუ სასამართლო იტყვის, რომ ის დამნაშავეა, ეს, ცხადია, ჩემზეც იქონიებს გავლენას.
  • ერთხელ, ერთ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილს ვკითხე, ხშირად არის, რომ ავტორი მოგწონს, კითხულობ და ერთ დღეს იგებ, რომ ცხოვრებაში ესა და ეს გაუკეთებია, ცუდი, მოძალადეა ან რამე სხვა და გაორება მეწყება-მეთქი. არ მინდა მომწონდეს, მაგრამ ვერ ვაბიჯებ იმ აზრსაც, რომ ის დიდი მწერალია-მეთქი. მაშინ ბერძენიშვილმა მირჩია, ადამიანი და მისი შემოქმედება გამემიჯნა.
  • ვერ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში გავმიჯნავ მოძალადეს და სპორტსმენს და რაც უნდა აკეთოს, ტაშს დავუკრავ, მაგრამ დღეს მაინც იმას ვფიქრობ, რომ ბასილაშვილს ჯერ არა აქვს მოძალადის ტიტული. ის ჯერ სასამართლოს არც გაუმართლებია, არც გაუმტყუნებია. ამიტომ მე ვერ ვიქნები მოსამართლე. და სანამ არ გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ადამიანს ტალახი არ უნდა ვესროლოთ.
  • ყველაფერი, რაც ბოლო დროს მოხდა ქართულ ჩოგბურთში, ბასილაშვილის სახელს უკავშირდება. და უბრალოდ, არ მგონია სწორი, რომ ვინმეს უნდა შევუთანხმო გამიხარდეს თუ არა ეს ამბავი ან რა ფორმით გამოვხატო - ესეც მგონი, რომ არის ძალადობა, „სახლში რაც გინდათ ის აკეთეთ“ - ამ ტიპის მოწოდებაა, სახლში გაგიხარდეთ, მაგრამ საჯაროდ ნუ გამოხატავთ ბასილაშვილის გამარჯვების გამო გამოწვეულ სიხარულს.
  • რამდენიმე წლის წინ ჩემი ოჯახის მეგობარი მოკლეს. ეს ადამიანი დაიღუპა კონკრეტული ამბის გამო, სადაც ქალი იყო გარეული. ქალების ერთ-ერთ ჯგუფში, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალის და კაცის ამბავი იყო, უპირობოდ ლანძღავდნენ გარდაცვლილს, მე კი, ვინც ვიცოდი რა მოხდა სინამდვილეში, მართლა ხმალამოღებული ვიბრძოდი, რომ დაუზუსტებელი ამბავი არ დაეწერათ და ვუხსნიდი, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალიც იყო ამ საქმეში გარეული, ის იყო აუცილებლად ჩაგრული. ამიტომ, ახლაც ვფიქრობ, რომ წინასწარ საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ განწყობა, რომ აუცილებლად დამნაშავეა ეს ბიჭი.
  • მე მგონია, რომ ცოტა ლოგიკური ზღვარი უნდა გავავლოთ რაღაცებს შორის. სასაცილო მგონია კევინ სპეისის ფილმებიდან ამოჭრა ან მარკ ტვენის წიგნებიდან ტერმინების ამოღება. მე ეს ძალიან ცუდი ტენდენცია მგონია.
  • და ბოლოს, ძალიან სასაცილოა, ვინმემ მომიწოდოს მე რა ვიგრძნო და ეს შემდეგ როგორ გამოვხატო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ეს ამბავი ან როგორ დაიწეროს ამ ამბავზე, კი, შეიძლება მიეწეროს, რომ ამ ადამიანის საქმე ახლა სასამართლოშია, ამიტომ და ამიტომ, მაგრამ ამან არ უნდა გადაფაროს ის, რასაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი დიდი შრომით მიაღწია. ბასლაშვილმა მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს მოუგო - ეს არის აქ მთავარი ამბავი.

მოსაზრება #2 - არა, სიხარული ვერ ვიგრძენი და აი, რატომ

ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი:

ლევან ცუცქირიძე

  • მე ვერ ვუერთდები ამ ზეიმს, იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმეა ბრალდებები, რომლებიც ამ ადამიანს აქვს წაყენებული. გამოჩენილი სპორტსმენები არ არიან იზოლირებული ადამიანები, ისინი ძალიან ხშირად ხდებიან როლური მაგალითებიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • გამიხარდება თუ დადასტურდება, რომ მას არ უძალადია ცოლზე, განსაკუთრებით ბავშვის თანდასწრებით. იმიტომ, რომ მეც დიდი მოყვარული ვარ ჩოგბურთის და რაც ბასილაშვილი გამოჩნდა ამ სპორტში, მას შემდეგ სულ ვადევნებ თვალს. მაგრამ რაც უნდა წარმატებას მიაღწიოს ამ ადამიანმა სპორტში, თუკი ის ჩაგრავს და ფიზიკურ ძალას იყენებს საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, ჩემთვის მის სპორტულ წარმატებას ფასი აბსოლუტურად ეკარგება.
  • ბრალდებები რაც მის მიმართ არსებობს, თავისი შემაკავებელი ორდერებით, ჩემს თვალში მას დიდ ჩრდილს აყენებს და ამიტომ არ არის ეს ამბავი ჩემთვის პირადად ზეიმის საფუძველი. ემოციურად ვერ ვერთვები ამ სიხარულში, როცა ვუშვებ, რომ ადამიანი, შეიძლება, დიდი ალბათობით ასე იქცეოდეს.
  • მაიკ ტაისონიც მაგარი სპორტსმენი იყო, ერთ-ერთი გამორჩეულიც, მსოფლიო კრივის ისტორიაში, მაგრამ რინგიდან რომ ჩამოდიოდა, მერე ქალებს ურტყამდა და საშინელებს სჩადიოდა. და მაიკ ტაისონი არასოდეს ყოფილა ამერიკის სიამაყის საფუძველი. უფრო პირიქით.
  • ამიტომ მე საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე თუნდაც ფედერერზე გამარჯვება. მე მინდა, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გამოჩნდებიან ხოლმე და აღფრთოვანებას და პატივისცემას იმსახურებენ თავიანთი სპორტული მიღწევებითაც, მათ ესმოდეთ, რომ ისინი მაგალითები ხდებიან სხვა რამეშიც. ამიტომ, ჩემი აზრით, არ არის სწორი, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ სხვა რამეებისგან. არ იმიჯნება.
  • მეც მინდა ვიამაყო ჩვენი ჩოგბურთელის წარმატებით, მაგრამ ის ჩემი ჩოგბურთელი ვერ იქნება სანამ ეს კითხვები მის თავზე ჰკიდია. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ის, რომ ფედერერს მოუგო, რომელიც გუშინ გამოვიდა საავადმყოფოდან.
  • ეს ამბავი საზოგადოებისთვის არის ასევე გზავნილი, რომ შენი ნეგატიური საქციელი ადვილად შეიძლება გადაიფაროს სხვა რამით და It’s OK, არა უშავს, თუ სახლში რაღაცას აშავებ, სხვა მიღწევები თუ გაქვს, მაინც დაგიკრავს ყველა ტაშს. ჩემი აზრით, ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს - მთავარი უნდა იყოს ადამიანი და შემდეგ რაღაც მიღწევები.
  • ზოგადად, ჩემთვის ფუნდამენტალიზმი, ასევე, ე.წ. Cancel culture თუ სხვა რამ, არის მიუღებელი. ადამიანები იმიტომ ვართ ადამიანები, რომ გვაქვს უნარი რეფორმის, შეცვლის, საკუთარი შეცდომების დანახვის, საკუთარ დემონებზე გამარჯვების და ამიტომ, ყველამ პასუხი უნდ აგოს თავის საქციელზე.
  • რაც შეეხება კინოში, ლიტერატურაში თუ სხვა სფეროებში იგივეს, მე მაინც მგონია, რომ ფუნდამენტალისტური დამოკიდებულებები ერთნაირად შემაშფოთებელია როგორც უკიდურესად კონსერვატორული წრეებიდან, ასევე ლიბერალური წრეებიდანაც. რადგან ხისტი და რადიკალური დამოკიდებულებები აზარალებს საერთო ჯამში დემოკრატიულ საზოგადოებრივ ქსოვილს. ამას არაფერი საერთო არა აქვს იმასთან, რაც ჩვენ გვჭირდება და რაც დანარჩენ მსოფლიოსაც სჭირდება - ხიდების და არა კედლების აშენება.
  • ბასილაშვილის შემთხვევაშიც ეგ არის, ჩემი აზრით, რომ მას უნდა შეეძლოს დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს მისი წარმატების გამო ზარ-ზეიმი გავმართო. კითხვებს, რაც მის გარშემოა, პასუხი სჭირდება და პირველს მე გამიხარდება, თუ რაც ჩვენ ვიცით მის შესახებ, ეს არ იქნება სიმართლე.
ასევე ნახეთ ბასილაშვილის საქმე: წინასასამართლო სხდომიდან არსებით განხილვაზე

ბასილაშვილის პირველი მოგება დამარცხებების სერიის შემდეგ

სპორტის ქომაგები აცხადებენ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მითუმეტეს, რომ ფედერერის დამარცხებამდემ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო დროს თითქმის ყველა ტურნირს გამოეთიშა.

„ცუდ ფორმაში“ ყოფნის მიზეზებზე საუბრისას ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თავად ბასილაშვილი ირიბად შეეხო კიდეც მის პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯერ 2020 წლის აგვისტოში, (მაშინ ის მსოფლიოს რეიტინგში 27-ე ადგილზე იყო) ნიუ-იორკში მიმდინარე ცინცინატის მასტერსზე კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6 1:6.

ცინცინატის „მასტერსის“, ამერიკის ღია პირველობისა და კიცბიუელის ტურნირის მსგავსად, ბასილაშვილი რომის „მასტერსსაც“ პირველივე წრიდან გამოეთიშა. შემდეგ წააგო ჰამბურგის ტურნირი.

შემდეგ დამარცხდა პარიზში.

მერე გამოეთიშა ანტალიის ტურნირს.

წარუმატებელი გამოდგა მელბურნის ტურნირი.

და ამდენი მარცხის შემდეგ იყო 2021 წლის 11 მარტი - გამარჯვება დოჰაში, სადაც მან დაამარცხა თანამედროვე მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ასევე ნახეთ რა ხდება, როცა ქალი ოჯახში ძალადობაზე იწყებს ლაპარაკს - ცნობილი ჩოგბურთელი ბრალდებულის სკამზე

რა ხდება დღეს - გადადებული სასაამართლო სხდომები

ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა, როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ უთრა რადიო თავისუფლებას, ჩოგბურთელის მოუცლელობის გამო ბოლო რამდენიმე პროცესი გადაიდო. გასულ თვეში ჩატარდა მხოლოდ ერთი სასამართლო, რომელზეცმოსამართლემ მხარებიის ახსნა-განმარტებები მოისმინა. კიდევ ერთი პროცესი, თუ ისიც არ გადაიდო, მიმდინარე თვეშიცაა დაგეგმილი.

ანა აბაშიძე გვეუბნება, რომ მას და მის კოლეგებს, როგორც დაზარალებულის ადვოკატებს არა აქვთ პროცესის დაჩქარების ბერკეტი, ამიტომ მხოლოდ იმედს გამოთქვამს, რომ სასამართო გონივრულ ვადაში დასრულდება.

ამ ეტაპზე, მისივე თქმით, ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში არსებობს:

  • ოჯახში ძალადობაზე გამოცემული 6 ორდერი.
  • ერთი ოჯახიდან 3 მოძალადე,
  • და ორი მსხვერპლი - ყოფილი ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვი.

ანა აბაშიძე წერს, რომ ორდერები სასამართლოს მიერ ძალაშია დატოვებული.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.