„ტვ პირველთან" დაკავშირებულ სასამართლო განჩინებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. „საქართველოში არც „ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ამას არ ვამბობს შემთხვევით. ამას ვამბობს მთელი პასუხისმგებლობით", - აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება სასამართლოს კონკრეტულ განჩინებას, მდინარაძის განმარტებით, „მოცემულობაც კი არასწორია, რომ [პროკურატურამ] მოითხოვა სასამართლოსგან სადღაც შეჭრა, შესვლა და ა.შ. ეს არის მოგონილი ამბავი, არსად შეჭრას არავინ აპირებს".
დეპუტატი ტელეარხს მიმართავს, რომ „პროკურატურის განცხადების მიუხედავად, თქვენი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და ეს არის არასწორი".
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ყველა ადვოკატმა ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, ან თითქმის ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც სასამართლო გამოიტანს ხოლმე ამოღებასთან დაკავშირებით, წერია ყველა ის წესი, რაც ამოღების, როგორც საგამოძიებო მოქმედების წესს ახლავს თან.
„ამ შემთხვევაში [სასამართლოს მხრიდან] ამორჩეული იქნა ერთი ასეთი ხაზი, რომელიც თითქმის ყველა გადაწყვეტილების შაბლონში წერია და ამაზე იქნა ყურადღება მიქცეული, იმიტომ, რომ თითქოს ის რაღაც ხდებოდა", - თქვა მდინარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავად განმარტა, რომ „ტვ პირველთან" დაკავშირებულ განჩინებაში გამოიყენეს სტანდარტული ფორმა, რომელიც ეხება იძულების პროპორციული ზომის გამოყენებას.
განჩინება ასევე განმარტა გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც აღნიშნავს, რომ „ტვ პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მოწყობილობა, რომელიც მოსთხოვეს.
კერძოდ:
- ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
- კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.