რა იცოდა სახელმწიფომ ოჯახურ ძალადობაზე, რომელიც 11 თვის ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა

სასამართლო

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მამაკაცს, რომელიც მისი ერთ წლამდე ასაკის შვილის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული. როდის და რისთვის ჰქონდა 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს შემაკავებელი ორდერი, რა ინფორმაციას ფლობდა სახელმწიფო ამ ოჯახში არსებულ პრობლემებზე და იყო თუ არა მისი მხრიდან რეაგირება?

დღეს, 11 მარტს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კახეთში 11 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა:

„დაკმაყოფილდა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზურაბ შავლიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. განჩინება აღკვეთის ღონისძიების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში“.

ნანა ჩალათაშვილი

სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ საქმის დეტალებზე ილაპარაკა პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ:

ეს არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც არ დავეთანხმეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის...
მინარი მურღვაშვილი

„9 მარტს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ-მ ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის ჩვილი ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბავშვს. ძალადობის ჩადენისას ბრალდებულმა სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ 11 თვის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია“.

ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ. მინარი მურღვაშვილი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ამბობს, რომ დაკავებული წარდგენილი ბრალდებით თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატმა, რომელიც სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობდა, თქვა, რომ მამა განიცდის ბავშვის გარდაცვალებას და შესაძლო სუიციდზეც ელაპარაკა. თავად ბრალდებულს სხდომაზე არაფერი უთქვამს.

„ეს არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც არ დავეთანხმეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის, მოვითხოვეთ, რომ არ ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის არც ერთი ღონისძიება. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა შეიტყო შვილის გარდაცვალების ამბავი, საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მითხრა, რომ სუიციდს აპირებდა. ეს ინფორმაცია მე მოსამართლესაც მივაწოდე“, - განაცხადა ადვოკატმა.

უბედური შემთხვევა გურჯაანში 9 მარტს, ღამით მოხდა. გარდაცვლილი ბავშვის დედამ, თეონა ონიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის ქმარს სტუმრად მეგობარი ჰყავდა და ვახშმობდნენ. მეუღლე ამ დროს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სტუმრის წასვლის შემდეგ კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო მასზე ფიზიკური ძალადობა და შემდეგ ესროლა შეშის ღუმელი, რომელიც ხელში აყვანილ ბავშვს მოხვდა და მალევე გარდაიცვალა. თეონა ონიაშვილი მეზობლებისა და პოლიციელების უყურადღებობაზეც ლაპარაკობს.

თეონა ონიაშვილი

„ღუმელი რომ მესროლა, ბავშვს თავში მოხვდა. შემდეგ საწოლზე დავაწვინე და ყური რომ დავადე, მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო. მაშინვე ჩემ მეზობელს ვუთხარი, რომ სასწრაფო და პოლიცია გამოეძახებინათ. განწირული ხმით ვყვიროდი და მეზობლებს დახმარებას ვთხოვდი. ვიძახდი, რომ ბავშვს მიკლავდა. კაციშვილი არავინ გამოვიდა ჩემ დასახმარებლად“.

როგორც ვიცი, პოლიცია არ რეაგირებდა კარგად. მათთვის ბავშვი არ უნდა დაეტოვებინათ და, შესაბამისად, ის არ შემოაკვდებოდათ.
თინათინ ძველიშვილი

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მამაკაცს, რომელიც 10 მარტს დააკავეს, 2019 წელს ცოლის მიმართვის საფუძველზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამინისტროს თანახმად, იმ პერიოდში მიმდინარეობდა მამაკაცზე დაკვირვებაც, თუმცა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ცოლმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ მათი გაფრთხილების შემდეგ ქმარი მასზე არც სიტყვიერად და არც ფიზიკურად აღარ ძალადობდა. შს სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამის შემდეგ ოჯახიდან ან სხვა პირებისგან მამაკაცის ძალადობის შესახებ პოლიციაში არანაირი შეტყობინება არ შესულა.

გარდაცვლილი ბავშვის დედამ, თეონა ონიაშვილმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ მისი მეუღლე არ სვამდა და არ ძალადობდა, შესაბამისად, პოლიციისთვის აღარ მიუმართავს.

ძალადობაში ბრალდებულის მეზობელი, თინათინ ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მამაკაცი პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო: „როგორც ვიცი, პოლიცია არ რეაგირებდა კარგად. მათთვის ბავშვი არ უნდა დაეტოვებინათ და, შესაბამისად, ის არ შემოაკვდებოდათ. მიმაჩნია, რომ უნდა მომხდარიყო მცირეწლოვნის გაშვილება...“

ოჯახი, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, ორივე მშობელი მეორე ქორწინებაში იმყოფება. პირველი ქორწინებიდან შვილები ორივეს ჰყავს - კაცს სამი და ქალს ორი. გარდაცვლილი ბავშვი მათი საერთო შვილი იყო. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის სამი შვილი დედ-მამის უყურადღებობის გამო, მინდობით აღზრდაში იმყოფება. ეს ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დაგვიდასტურეს.

თუ სახელმწიფომ იცოდა, რომ ოჯახში არასრულწლოვნებს შესაბამის ყურადღებას არ აქცევდნენ, რატომ არ მოხდა ამავე ოჯახში მეორე ქორწინებიდან დაბადებულ ბავშვზე მეთვალყურეობა?

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ამ შინაარსის წერილობითი პასუხი გაგვცა: „მამაკაცის პირველ ქორწინებაში მყოფ შვილებთან მიმართებაში გპასუხობთ, 2012 წელს, როცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახში მყოფი ბავშვების (3 შვილი) მიმართ არ ხორციელდებოდა მშობლების ზრუნვა, მათ შორის დედის და მამის მხრიდან, რისკები იყო იდენტიფიცირებული და ამიტომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ისინი გადაყვანილი იყვნენ სახელმწიფო ზრუნვის სერვისში. დღესაც ბავშვებზე სახელმწიფო ზრუნავს და სააგენტოს მომსახურებებს იღებენ. რაც შეეხება კონკრეტულ ამ ოჯახს (მამაკაცის მეორე ქორწინება), ჩვენთვის ამ შემთხვევამდე არც გარდაცვლილი და არც დანარჩენი მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ უგულებელყოფის ან/და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით არ მოუმართავთ. მომხდარი შემთხვევის შემდეგ ჩაერთო სოციალური მუშაკი, დაიგეგმა ფსიქოლოგთან შეხვედრა და სხვადასხვა სერვისების მიწოდება ოჯახში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ბავშვები რჩებიან ოჯახურ გარემოში დედასთან და დედის ოჯახთან ერთად. ახლაც და მომავალშიც საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მიმართავს ყველა ღონისძიებას ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით".

გურჯაანის სასამართლო

11 თვის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ბრალდებული მამის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 5 მაისს დაინიშნა. მას პროკურატურა ბრალს სდებს არასრულწლოვნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობაში, ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და ოჯახში ძალადობაში. ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.