შაბათს, 13 მარტს, საქართველოში COVID-ვაქცინის პირველი დოზები უნდა ჩამოვიდეს. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, 11 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ზეგ მართლაც ჩამოვა საქართველოში ვაქცინა, თითქმის 10 დღით გადმოიწევს ეს თარიღი, რადგან წინა კვირის განცხადების თანახმად, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანას 22 მარტიდან უნდა მიეღო.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათიდან ქვეყანაში შემოდის Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი)-ს 43 200 დოზა ვაქცინა. უკვე 22 მარტიდან კი, საქართველოში უნდა ჩამოვიდეს Pfizer/BioNtech (აშშ/გერმანია)-ის 29 250 დოზა ვაქცინა. ამ ორივე ვაქცინის შემთხვევაში, იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, აუცილებელია ვაქცინის ორი დოზის გაკეთება, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით.
რამდენი ადამიანი აიცრება და როდის დაიწყება აცრები?
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე, პირველი დოზებით სამედიცინო პერსონალი და რისკჯგუფში მყოფი ადამიანები აიცრებიან.
ვაქცინაციის დაწყების თარიღად 15 მარტის კვირა განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინა განაწილდება დიდ რაიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში:
„ვაქცინა განაწილდება იქ, სადაც 100-ზე მეტი მედპერსონალია. მარტის ბოლომდე რა რაოდენობასაც მივიღებთ, ეს იქნება საკმარისი, რომ სრულად აიცრას მედპერსონალი“.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინით, რომელიც საქართველოში 13 მარტს უნდა ჩამოვიდეს, ერთჯერადად აიცრება 43 200 ადამიანი. რაც შეეხება მათ ასაცრელ მეორე დოზა ვაქცინას, ტიკარაძის თქმით, ეს მოქალაქეები მეორე აცრას ჩაიტარებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა:
„ჩვენ გვაქვს დროის ის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად ჩამოვა ქვეყანაში ვაქცინების მეორე დოზები. ეს მოგვცეს იმის საშუალებას, რომ დროულად ავცრათ ჩვენი ექიმები და მოქალაქეები. „ასტრაზენეკას“ პროტოკოლის თანახმად, ეს ვადა მოიცავს 6-დან 12 კვირამდე პერიოდს. გარანტირებული მოლაპარაკებებით, ჩვენ გვაქვს დასტური, რომ ქვეყანაში მეორე დოზის შემოტანა მოესწრება“.
რაც შეეხება „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინას, როგორც ამ დრომდე ცნობილია, ვაქცინით, ორჯერადად, 15 ათასამდე სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას.
საქართველოში სულ 71 415 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია. ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ მოიცავს ამ ჯგუფის 65%-ს, რაც 46 420-ია.
სამედიცინო პერსონალი - ვაქცინაციის პირველ ხაზზე
უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რადიო თავისუფლება არაერთ ექიმს, ექთანსა თუ სანიტარს ესაუბრა. ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მათ კითხვები აქვთ. ზოგიერთი მათგანი იმასაც ფიქრობს, რომ უმჯობესია კოვიდი დაემართოთ, ვიდრე აიცრან. ნაწილს ის უხარია, რომ კოვიდი გადაიტანეს და ვაქცინა რომც შემოიტანონ, აცრა აღარ მოუწევთ. გვეუბნებიან იმასაც, რომ გარშემო, სამედიცინო პერსონალის ნაწილი სწორედ მათნაირად ფიქრობს.
მაია (სახელი შეცვლილია) თითქმის ექვსი თვეა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, კოვიდპაციენტებს მკურნალობს. ის და მისი გუნდი, ვაქცინაციის რიგში, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი პირველები უნდა იყვნენ. მაიამ დღეს მხოლოდ ის იცის, რომ მისი კლინიკის სამედიცინო პერსონალის მონაცემები გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. სხვა ინფორმაციის შესახებ, მაგალითად, როდის აიცრება, სად, კონკრეტულად რომელი ვაქცინით, ჯერჯერობით, არც მას და არც მის კოლეგებს არაფერი სმენიათ.
როგორც ის გვეუბნება, ჩვენთან გასაუბრებამდე, კიდევ ერთხელ გადაამოწმა ინფორმაცია ეპიდემიოლოგთან, თუმცა, სიახლე არც ამჯერად დახვდა. მაია გვეუბნება, რომ სამედიცინო პერსონალში, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოებაში, აზრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი. მისი თქმით, ამ დამოკიდებულებას ისიც ამძაფრებს, რომ, მაგალითად, მათ კლინიკაში, თებერვლის შემდეგ, ვაქცინაციის საკითხზე, ჯანდაცვის სტრუქტურების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია აღარ ყოფილა:
„მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი მონაცემები გაგზავნილია. არავინ დაგვკავშირებია, არავის უკითხავს, ვიკეთებ თუ არა აცრას. თებერვალში ჩატარდა ერთი საინფორმაციო სახის შეხვედრა, „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია აღარ მიგვიღია. სრული ინფორმაციული ვაკუუმია. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვინ იცრება, როდის იცრება. პირველ რიგში ხომ ჩვენ, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს უნდა გვქონდეს ეს ინფორმაცია. თავად ეპიდემიოლოგებსაც კი არ აქვთ ინფორმაცია. ერთადერთი, რაც ვიცით, სამედიცინო პერსონალის მონაცემები დარეგისტრირდა. ეს არის და ეს. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ვაქცინით და რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინით ავიცრები. გარშემო, ჩემი კოლეგების განწყობა არაერთგვაროვანია. ბევრი ექიმი სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს. მე, როგორც ექიმი, რომელიც დღესაც კოვიდის წინა ხაზზე ვდგავარ, ცხადია, ვთვლი და მირჩევნია, რომ აცრილი ვიყო, რომ თუნდაც საფრთხე არ შევუქმნა ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე აქამდე გაემახვილებინა ყურადღება ჯანდაცვის სტრუქტურებს. არ შეიძლება ასეთი ვაკუუმის შექმნა, განსაკუთრებით ახლა, როცა ვაქცინაციის გამართულად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ“.
ასევე ნახეთ თებერვლის შუაც დადგა, ბოლო დეკადაც, ხეში წყალიც ჩადგა, ვაქცინა კი არ ჩანსსამედიცინო პერსონალის, როგორც ვაქცინაციის პირველ ხაზზე მყოფი მოქალაქეების ინფორმირებულობა რომ აუცილებელია, ამას რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი ექიმი, გასტროენტეროლოგი, ჯაბა ზარქუაც ეუბნება. ერთი მხრივ, ამბობს, რომ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს იმდენი შესაძლებლობა და უნარი, რომ თავად მოიძიონ ზუსტი ინფორმაცია ამა თუ იმ ვაქცინის სანდოობის, ხარისხისა თუ გვერდითი მოვლენების შესახებ. მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ ჯანდაცვის სტრუქტურები, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე საზოგადოების ინფორმირებულობისთვის.
ჯაბა ზარქუას თქმით, მცდარი მესიჯია, როდესაც ჯანდაცვის მაღალჩინოსანი ტელევიზიით აცხადებს, რომ დაინტერესებულ პირებს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ საიტზე შეუძლიათ.
ამ წინადადებაში, ჯაბა ზარქუა გულისხმობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის კომენტარს ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოების თაობაზე, რომელიც მან 2 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გააკეთა:
„შეიხედეთ ჩვენს ვებგვერდზე, რამდენიც გინდათ, იმდენი ინფორმაციაა. მოქალაქეები ყველა ვებგვერდს აგნებენ, სადაც აცრებზე რაღაც ისეთი წერია და ჩვენ გვერდს ვერ აგნებენ? ჩაერთეთ ტელევიზიები ამ საქმეში, ვინმემ შეგიშალათ ხელი? ჩვენ ყველა მასალა გამზადებული გვაქვს“, - თქვა პაატა იმნაძემ.
ჯაბა ზარქუა კორონავირუსისგან ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, მას ვაქცინის გაკეთება გამოჯანმრთელებიდან სამი თვის შემდეგ შეუძლია. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, შესაძლებლობის შემთხვევაში, ის ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს, იქნება „მაგალითის მიცემა მისი პაციენტებისათვის“. ექიმის თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამ და, მათ შორის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალმა, ზუსტად განსაზღვროს ის რისკები და სარგებელი, რასაც აცრა მოუტანს ადამიანს და ქვეყანას:
„სანამ ექიმები ვიღებთ გადაწყვეტილებას ადამიანის ორგანიზმში ინტერვენციის შესახებ, მთავარი კითხვა, რასაც ვპასუხობთ, არის რისკებისა და სარგებლის აწონ-დაწონა. დღესდღეობით, ვაქცინაციის რისკები შეუდარებლად დაბალია, ვიდრე თავად კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხეები. არ წყდება ახალი და ახალი აღმოჩენები. იქნება ეს პოსტკოვიდ სინდრომი, ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი თუ ა.შ. როდესაც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აპელირებენ იმაზე, რომ უცხო მასალა შეჰყავთ ჩვენს ორგანიზმში და კაცმა არ იცის, რას გამოიწვევსო, უცხო მასალა კი არა, დაინფიცირების შემთხვევაში, დიდი რაოდენობით უცხო ვირუსი შედის ჩვენს ორგანიზმში და ის რას გამოიწვევს, ამაზე უნდა ვიფიქროთ. როდესაც ქვეყანა იწყებს ვაქცინაციას, ხედავ, რომ მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, აუცილებელია, რომ კომუნიკაცია მოსახლეობასა და ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს შორის იყოს სრულყოფილად გამართული. როდესაც ვხედავ, რომ, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ტელევიზიით ინტერვიუში აცხადებენ, რომ ჩვენ ყველაფერი გავმართეთ, შედით და ნახეთ ჩვენს საიტზეო, ეს არა თუ გამაღიზიანებელია, არამედ საქმეს აფუჭებს. არ შეიძლება ასეთი აროგანტული მიდგომა. ჩვენ უკვე კარგა ხანია უნდა გველაპარაკებოდნენ იმის შესახებაც, რომ ვაქცინაცია დღეს არსებულ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. ეს თუ არ დაგვანახა სახელმწიფომ, სხვანაირად არ გამოვა“.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რადიო თავისუფლება არაერთ ექიმს, ექთანსა თუ სანიტარს ესაუბრა. ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მათ კითხვები აქვთ. ზოგიერთი მათგანი იმასაც ფიქრობს, რომ უმჯობესია კოვიდი დაემართოთ, ვიდრე აიცრან. გვეუბნებიან იმასაც, რომ მათ გარშემო, სამედიცინო პერსონალის ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს.
ამასობაში კი ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ „ექიმებმა იციან რა ვაქცინაციის მნიშვნელობა და სანდოობა, მათი აქტიურობა ამ პროცესში იქნება ძალიან მაღალი“. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან დაიწყო შეხვედრები სამედიცინო ასოციაციებთან:
„მათი როლი და ჩართულობა ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია. მათ აქვთ წვდომა, როგორც სამედიცინო პროფესიონალებთან, ისე ჩვენს მოსახლეობასთან და, შესაბამისად, გაზიარებული იქნება მათთვის ჩვენი პლატფორმა და ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთვის მათი პლატფორმები, რაც მოახდენს როგორც ექიმებში, ისე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას და ეს პროცესი რეალურად დაწყებულია და მეტი ინტენსივობით გაგრძელდება“.
ქართველი ექიმის უცხოური გამოცდილება - რატომ აირჩია „ასტრაზენეკა“?
ირმა კვიცარიძე, ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, COVID-ვაქცინით დაახლოებით ორი კვირის წინ აიცრა. სამ ვაქცინას, „ფაიზერს“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ შორის, მან არჩევანი სწორედ „ასტრაზენეკაზე“ შეაჩერა. ასე მოიქცა მისი კლინიკის თანამშრომლების უმრავლესობა. როგორც ირმა კვიცარიძე გვეუბნება, თანამშრომლების 68% „ასტრაზენეკათი“ აიცრა და მხოლოდ 7%-მა არჩია „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ექიმის მტკიცებით, მის კლინიკაში ვაქცინაციის გართულების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ირმა კვიცარიძე იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც მან და დანარჩენმა მედპერსონალმა ვაქცინაციამდე გაიარა. აცრამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, სამედიცინო პერსონალს დაურიგდა სპეციალური კითხვარები, სადაც შეავსეს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რამდენიმე დღეში კი უკან დაუბრუნდათ დამუშავებული ინფორმაცია და გაანალიზებული მასალა, რის შედეგადაც მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის უფრო ხელსაყრელი ვაქცინა შეერჩიათ:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს სახელმწიფო და შემდეგ უკვე დამქირავებელი. ჩვენ, სამედიცინო პერსონალი, არ ვართ ვალდებულნი, რომ მოვიძიოთ ვაქცინებზე ინფორმაცია, რადგან სამუშაო საათებში სხვა საქმით ვართ დაკავებულნი და ასევე, არც ის ვიცით, რამდენად ობიექტური ინფორმაციის მოძიებას მოვახერხებთ. ვაქცინა ჯერ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი არ იყო შემოსული, ყველანი ვიყავით ინფორმირებულნი, თუ რა ვაქცინები შემოვიდოდა, ვის გაუკეთდებოდა, სად გაუკეთდებოდა, რომელ საათზე, რა გვერდითი მოვლენები იყო გასათვალისწინებელი და ა.შ.“.
სამედიცინო პერსონალმა ასევე მიიღო რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ აეცილებინათ თავიდან შესაძლო გვერდითი მოვლენები, ტემპერატურის მატება ან სახსრების ტკივილი. პროფილაქტიკის მიზნით, მათ შეეძლოთ გარკვეული მედიკამენტის მიღება. ირმა კვიცარიძეს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთება მაისში უწევს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ის აღარ აცრან:
„სანამ მეორე აცრას გავიკეთებთ, ჩატარდება გამოკვლევა ანტისხეულებზე. თუკი აღმოგვაჩნდა საკმარისი რაოდენობის ანტისხეული, შესაძლოა, მეორე აცრა აღარ გაკეთდეს. პირველი დოზის შემდეგ, „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა 60%-მდეა, მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ავდივართ თითქმის 90%-მდე. აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანში, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ეფექტურობა 80-დან 90%-მდე დაფიქსირდა“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია „ასტრაზენეკასა“ და ავსტრიის შესახებ, უკავშირდება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ვაქცინირებული ქალის გარდაცვალების თაობაზე. ქალი აცრიდან 10 დღეში თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გამოკვლევების შედეგად, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ მისი გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდებოდა.
„ასტრაზენეკას“ გამოყენება დროებით შეჩერდა დანიაში. 11 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის სამედიცინო სააგენტომ მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც დანიაში, ვაქცინაციის შემდეგ, გართულების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა. 11 მარტსვე გაავრცელა განცხადება დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ, რომლის თანახმადაც, არ დასტურდება, რომ დანიაში დაფიქსირებული გარდაცვალება შესაძლოა ვაქცინაციას უკავშირდებოდეს:
„რატომ ხდება, რომ ერთი სერიოზული გართულების შემთხვევაშიც კი, მაშინვე ჩერდება ვაქცინის გამოყენება, სანამ კავშირი ვაქცინასა და გართულებას შორის არ გამოირიცხება? რაკი კოვიდვაქცინის შექმნიდან ცოტა დროა გასული და ჩვენ კი ვიცით, რომ ვაქცინას 5-დან 10 წლამდე მაინც სჭირდება იმის შესასწავლად, რომ სრულყოფილად ვიცოდეთ ვაქცინის ეფექტი, ამიტომ ყველა გვერდითი მოვლენა ან გართულება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კოვიდვაქცინასთან, იწვევს აუცილებლობას, რომ ფაქტი იქნას სრულყოფილად შესწავლილი, რათა გამოირიცხოს რაიმე კავშირი გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის. როდესაც ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში ავსტრიაში ქალი გარდაიცვალა, გადაწყდა ვაქცინის იმ სერიის გამოყენების შეჩერება, რომლითაც ქალი აიცრა. ჩატარდა სრული გამოკვლევა და გაირკვა, რომ ქალის გარდაცვალების ფაქტი არანაირად არ იყო კავშირში ვაქცინაციასთან, უბრალოდ, ეს სამწუხარო ფაქტი დროში დაემთხვა ვაქცინაციას“, - გვეუბნება ირმა კვიცარიძე.
რა ტიპის ვაქცინებს ველოდებით საქართველოში პირველ ეტაპზე?
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) ვექტორული ტიპის ვაქცინაა. უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
„ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვლას დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება (მის შესანახად საჭიროა -2 -7 გრადუსიანი მაცივრები) და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის.
რაც შეეხება Pfizer-BioNTech-ს, რომელიც საქართველოში 22 მარტისთვის უნდა შემოვიდეს, ის mRNA ტიპის ვაქცინაა. ვირუსის გენეტიკური კოდი ასწავლის იმუნურ სისტემას, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს კი იწვევს იმუნურ რეაქციას - ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულებს და სწავლობს ვირუსთან ბრძოლას. ვაქცინა 95%-იანი ეფექტიანობით ხასიათდება, შესანახად -80 გრადუსიანი მაცივრები სჭირდება. ასეთი მაცივრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია და, ჯამში, 200 ათასი დოზა ვაქცინის დასაწყობებაა შესაძლებელი. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება ასაცრელ პუნქტებში. -80 გრადუსიანი მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ვაქცინა მაქსიმუმ 5 დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფუნქციას კარგავს.
საქართველოს ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულამდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყნის მოსახლეობის 60%, 18 წელს ზევით მოქალაქეები უნდა აიცრან. ასაცრელი მოსახლეობის რაოდენობა, ჯამში, 1,691,214 ადამიანია. ამ რაოდენობის ასაცრელად საქართველოს დასჭირდება 3,979,300 დოზა ვაქცინა. როგორც ცნობილია, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ძირითადად ორ დოზად, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით კეთდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გარდა „კოვაქს პლატფორმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც, მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია. როგორც 11 მარტს გახდა ცნობილი, ამ 200 ათასი ვაქცინიდან 100 ათასი ვაქცინა ჩინური წარმოების „სინოფარმია“:
„ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს პერიოდში მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. ჩვენ წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ისე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი მომწოდებელთან, ეს არის 100 ათასი ვაქცინა“.
ასევე ნახეთ (თითქმის) ყველაფერი, რაც ვიცით COVID-19-ის ვაქცინებზესაქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, „კოვაქს პლატფორმის“ გავლით უნდა შემოსულიყო. 11 მარტის მონაცემებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი, 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს შემოვა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ დანარჩენ დოზებს, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ წინა კვირაში უთხრა რადიო თავისუფლებას, 130 ათასზე მეტი დოზა საქართველოში აპრილში ჩამოვა. მანამდე, 22 მარტს ელის საქართველო „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინას.
11 მარტის Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს 121 ქვეყანაში 326 მილიონი აცრაა ჩატარებული.