21 მარტს ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები.

განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამ დღეს საქართველოს აზერბაიჯანული თემი აღნიშნავს, ნოვრუზის დღესასწაულს.

„ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფულების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში გვიშლის ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში განმარტებულია, რატომ უნდა მოიხსნას 21 მარტს შეზღუდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. „მიგვაჩნია, რომ არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ქვემო ქართლში, ან მხოლოდ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება, რადგანაც ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადების ავტორები მიუთითებენ, გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორედ, რომ ნოვრუზის დღეს დაემთხვა (21 მარტი). „შესაბამისად, ჩვენმა თემმა ვერ შევძელით სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალების სრულფასოვანი შესრულება. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, გვესმის, რომ შეზღუდვების შენარჩუნება და ვირუსთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის მხარდაჭერა და არსებული რეკომენდაციების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდები აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდ- ვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

პლატფორმა „სალამი"

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი

აქტუალ მედია

ახალი აზროვნების ინსტიტუტი

სოლიდარობის ცენტრი (ვახტანგისის სათემო ცენტრი)

ქვემო სარალის სათემო ცენტრი

კასუმლოს სათემო ცენტრი

ალგეთის სათემო ცენტრი

ნაზარლოს სათემო ცენტრი

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა