„არ შეიძლება ამოღება მოხდეს წყაროს იდენტიფიცირებისთვის“, - ასე აფასებს „ტვ პირველით“ გასაჯაროვებულ ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიების მსვლელობას ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
„ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს წყაროს იდენტიფიცირება, რაც არის დაუშვებელი და ჩვენი კანონმდებლობით აკრძალული“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
სიმონიშვილი, ასევე, განმარტავს, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიემართა, რაც ტელევიზიასთან ოფიციალური კომუნიკაციით ცდიდა მასალების ამოღებას.
„თუ უარს მიიღებდა, ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სასამართლოსთვის მიმართვა“, - ამბობს ის.
ჩანაწერებზე მოკლედ
„ტვ პირველის“ ეთერში, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ სასამართლოსგან უფლება მიიღო, ტელეკომპანიიდან ამოიღოს:
- ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
- კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
„ტვ პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი ტვ „იმედთან“ ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც“.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“, სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.