რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრის გამო 9 მარტს ქვეყნის უშიშროების სამსახურში დაიბარეს თავად მედვედჩუკი იმ გამოძიების ფარგლებში, რომელმაც უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა თანამოსაუბრეების ქმედებებში სისხლის სამართლის ნიშნები.
სავარაუდოდ, 2014 წლის ბოლოს გამართულ სატელეფონო საუბარში ვიქტორ მედვედჩუკი და ვიაჩესლავ სურკოვი ლაპარაკობენ ტყვეთა გაცვლასა და იმხანად უკვე ანექსირებული ყირიმის ელექტროენერგიით მომარაგებაზე.
ოლიგარქისა და პოროშენკოს საერთო ინტერესი
ოლიგარქი მედვედჩუკი, რომლის შვილის ნათლია რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, სატელეფონო ჩანაწერში ახსენებს მაშინდელ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელმაც კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკოსს ტყვეების გაცვლის პროცესის ხელმძღვანელობა და ანექსირებულ ყირიმში ელექტროენერგიის პრობლემების გადაჭრაში დახმარება სთხოვა.
ვიქტორ მედვედჩუკმა „ბი-ბი-სის“-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამ თემების შესახებ სურკოვთან საუბარი ახსოვს, მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ფარული სატელეფონო საუბრის ნამდვილობა.
"საუბარი ელექტროენერგიაზეც იყო. მან (პოროშენკომ) მთხოვა... ჩვენ (მედვედჩუკი და სურკოვი) ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და 2015 წელს გაფორმდა კონტრაქტი ელექტროენერგიის მიწოდებაზე. რუსეთის კომპანიამ „ინტერ რაომ“ და „უკრინტერენერგომ“ მოაწერეს ხელი კონტრაქტს რუსეთიდან უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტის თაობაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ელექტროენერგიით ყირიმის საიმედო და შეუფერხებელ მომარაგებაზე“, - უთხრა „ბი-ბი-სი-ს“ მედვედჩუკმა და დასძინა, რუსეთიდან ელექტროენერგიის უკრაინისათვის მიწოდებაში გასაკვირი არაფერია, რადგან ის დღესაც გრძელდებაო.
ამ კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტის ხსენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან მანამდე პეტრო პოროშენკო მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ ვიქტორ მედვედჩუკს ტყვეთა გაცვლის საქმეში სთხოვა დახმარება და არაფერი უთქვამს ყირიმის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში მედვედჩუკის მონაწილეობაზე.
გამოცემა „ცენზორში“ სატელეფონო საუბრის საიდუმლო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკრაინის უშიშროებაში გასაუბრებაზე დაიბარეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, მაგრამ, როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, ექს-პრეზიდენტმა ორჯერ თქვა უარი დასაკითხად გამოცხადებაზე.
„მედვედჩუკ-სურკოვის ჩანაწერის“ გამო პეტრო პოროშენკოს დაბარების თაობაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობას ყოფილი პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული „ფეიკი“ უწოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, იგორ გოლოვანმა.
„უკრაინის უშიშროების სამსახურში პეტრო პოროშენკოს ვითომ დაბარების შესახებ ინფორმაციული ფეიკის გავრცელება ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის ოფისში გამეფებული ფართომასშტაბიანი კორუფციისა და ფრონტზე ესკალაციიდან უკრაინელთა ყურადღების გადატანის მცდელობას წარმოადგენს. ამიტომ მოვუწოდებ უშიშროების სამსახურს უარყოს ეს დეზინფორმაცია, ხოლო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებმა შეწყვიტონ მისი გავრცელება“, - განაცხადა პოროშენკოს ადვოკატმა.
ჩანაწერები კიდევ იქნება
მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და მიმომხილველები არც იმას გამორიცხავენ, რომ უკრაინის პოლიტიკურ ძალებს შორის მკვეთრი პოლარიზაციისა და ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, რეიტინგის დაცემის ფონზე, ასეთი ფარული ჩანაწერების გავრცელება სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე შემდგომშიც გაგრძელდეს.
„ზელენსკის სურს დარტყმა მიაყენოს პოროშენკოს, რომელიც გამოერკვა პრეზიდენტის არჩევნებში განცდილი მარცხისგან და რომლის რეიტინგი თანდათან იზრდება, მაშინ როცა ზელენსკის რეიტინგი ეცემა. ამასთან, ზელენსკის სერიოზული პრობლემა აქვს „კოლექტიურ დასავლეთთან“ კომუნიკაციაში. ამ საკითხში პეტრო პოროშენკო, ტრადიციულად, ძლიერია. ამასთან, ზელენსკის არ გამოსდის რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რაც ხელეწიფება და უფრო გასაგები და ხელსაყრელია ვიქტორ მედვედჩუკისთვის. გარდა ამისა, უკრაინის საზოგადოება ძნელად დაეთანხმება მსგავს მანევრს. ამიტომ ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები კიდევ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოგვიცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაჰდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გარემოცვაში ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებენ სწორედ იმ ფაქტზე, რომ ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ყოველთვის იყო აგრესორი ქვეყნის, რუსეთის, ინტერესების გამტარებელი, ყოფილ პრეზიდენტთან საერთო ბიზნესზე საუბრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის დროს.
„კიდევ უფრო საინტერესო და მრავლის მეტყველია ის ფაქტი, რომ ის (მედვედჩუკი) „ბიზნესს“ ამუშავებდა მაშინდელ პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად... სუფთა წყლის ვაჭრობაა, იდეალურად შენიღბული ომითა და ოკუპაციით. და ჩრდილოვანი ინტერესების მთავარ განმწესრიგებლად, რუსეთის მოქალაქეების გარდა, მედვედჩუკი და პოროშენკო გვევლინებიან“, - ამბობს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი.
პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“ გამოცემა „ცენზორის“ მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართულ „ბინძურ კომპანიად“ მიიჩნევენ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის საიტის თანახმად, ვიქტორ მედვედჩუკი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის რეკომენდაციით, შუამავლის სახით იყო ჩართული სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის უზრუნველსაყოფად, იმ ჯგუფისა, რომელშიც შედიოდნენ ლეონიდ კუჩმა (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი), ჰაიდი ტალიავინი (აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი) და მიხეილ ზურაბოვი (რუსეთის ელჩი უკრაინაში). და ეს მომხდარა 2014 წელს. "უკრაინის პრეზიდენტი და საუბრის სხვა მონაწილეები დაეთანხმნენ ანგელა მერკელის ამ წინადადებას“, - აღნიშნულია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური ძალის საიტზე.
„გულმოდგინედ შემუშავებული სანქციები“
უკრაინაში ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს მედვედჩუკ-სურკოვის 7 წლის წინანდელი სატელეფონო საუბრის სწორედ ახლა გამოქვეყნება და ის, თუ ვისთვის უნდა იყოს ეს ხელსაყრელი.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფარული ჩანაწერი გაკეთებულია რუსეთში, სავარაუდოდ, ბატონი სურკოვის მხრიდან. ასეთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა ვიქტორ მედვედჩუკთან საუბრისას მისი ხმის ტონალობის ანალიზი. შესაბამისად, იბადება შეკითხვა, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერი კიევში? როგორ მოხვდა ის „ცენზორის“ მთავარ რედაქტორ იური ბუტუსოვთან?“ - ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხი გასაღებია კვანძის გასახსნელად, ამ რებუსის ამოსაცნობად იმ დროს, როდესაც უკრაინაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, გრძელდება პოლიტიკური დაპირისპირება და არსად წასულა რუსული სწრაფვა თავის კონტროლს დაუქვემდებაროს უკრაინა“ , - ამბობს პოლიტოლოგი ევჰენ მაგდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მედვედჩუკ-სურკოვის სატელეფონო საუბარი გამოცემა „ცენზორში“ 25 თებერვალს გამოქვეყნდა, ხუთი დღით ადრე კი უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით სანქციები დაუწესდა მედვედჩუკს, მის ცოლს, ოლგა მარჩენკოს, კიდევ იმ ექვს პირს და 19 კომპანიას, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ოლიგარქთან არიან დაკავშირებული. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა.
ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების დაწესებაზე კრემლთან დაკავშირებული პირებისთვისსანქციების დაწესებას მყისიერად მოჰყვა მედვედჩუკის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სამი ტელეარხის - 112-ის, NewsOne-ისა და ZIK-ის - ეთერიდან გათიშვა.
ასევე ნახეთ უკრაინა კრემლის პროპაგანდას უტევს20 თებერვალსვე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინული კომპანიების მიმართ დაწესებულ სანქციებს „რეპრესიები“ და „დემოკრატიის განდგურება“ უწოდა.
მაგრამ უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას.
უკრაინის უშიშროებისა და ეროვნული თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის, თანახმად, სანქციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და მას ამზადებდნენ „ძალიან გულმოდგინედ“. დანილოვის თქმით, იმის გამო, რომ არსებობს საკმაო მტკიცებულება, სანქციების გაუქმება ძალზე რთული იქნება.
მედვედჩუკის აქტივების, მათ შორის ტელეარხების მიმართ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა უკრაინის არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა, მაგრამ საზღვარგარეთიდან გაისმა, ასევე, გაფრთხილებაც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესახებ. კიევი გააკრიტიკა, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ.
კრიტიკის პასუხად უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხსენებული სატელევიზიო არხები პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენდნენ და არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.