თუ აიცრებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 დიდი ალბათობით არ დაგემართებათ. ამ დამაიმედებელ ცოდნაზე დაყრდნობით, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 11 სხვადასხვა ვაქცინას იყენებენ. უკვე გაკეთებულია 300 მილიონზე მეტი ნემსი.
ბევრი რამე მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან. მაგალითად, რამდენი ხნით გიცავთ აცრა და შეიძლება თუ არა აცრილმა ადამიანმა ვირუსი გადასდოს სხვას? გასარკვევია ისიც, როგორ გვიცავს ვაქცინები ვირუსის ახალი შტამებისგან. სამაგიეროდ, მეცნიერებს მკაფიო პასუხი აქვთ კითხვაზე
იწვევს თუ არა რომელიმე ვაქცინა აუტიზმს?
ა რ ა
- ასე სწრაფად როგორ შექმნეს?
- როგორ მუშაობს?
- რამდენჯერ უნდა გავიკეთო?
- ეფექტიანობა - რა შედეგი აჩვენა კვლევებმა?
- ეფექტურობა - როგორ მუშაობს რეალურ სამყაროში?
- ახალი შტამებისგან თუ დამიცავს?
- ასაკობრივი შეზღუდვა?
- რა გვერდითი მოვლენები აქვს?
- რა არ ვიცით?
- საქართველოში როდის გვექნება?
ასე სწრაფად როგორ შექმნეს?
კორონავირუსებს დიდი ხანია იკვლევენ. გლობალური პანდემიის გამომწვევი ვირუსი SARS-COV-2 კორონავირუსების ოჯახიდანაა. ჯერ კიდევ 1965 წელს იყო ცნობილი, რომ ამ ოჯახის წარმომადგენელი ვირუსი ადამიანზე გადადის. წლების განმავლობაში ნაგროვი ცოდნა მეცნიერებს ძალიან დაეხმარათ.
ვაქცინის სწრაფი გამოგონებისთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სხვადასხვა მხარე (მეცნიერები, ფარმაცევტული კომპანიები, სახელმწიფოები, საერთაშრისო ორგანიზაციები და ა.შ.) ჩვეულებრივზე უფრო მეტი ძალისხმევით თანამშრომლობდა, გამოიყო უზარმაზარი თანხები და ცდებში ბევრი ადამიანი ჩაერთო. საქმე იმანაც დააჩქარა, რომ მეცნიერებმა შეძლეს ახალი ტიპის, mRNA ვაქცინის შექმნა. წინამორბედებისგან განსხვავებით, ის არ შეიცავს დასუსტებულ, ან მოკლულ ვირუსს. სამაგიეროდ, მასში ჩადებულია გენეტიკური ინსტრუქციები დაავადებასთან საბრძოლველად.
ამ დროისთვის მსოფლიოში კიდევ 251 ვაქცინაზე მუშაობენ. აქედან 60 ვაქცინა უკვე კლინიკურ ტესტირებას გადის. თუმცა პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს თითქმის 130 ქვეყანას ვაქცინა ჯერ კიდევ არ მიუღია.
როგორ მუშაობს?
ვაქცინები სხვადასხვა ტექნოლოგიებით იქმნება, თუმცა ყველას მიზანი ერთია - ასწავლოს ჩვენს ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა.
- Pfizer/BioNtech (აშშ/გერმანია) - ვაქცინის ტიპი: mRNA.
ვირუსის გენეტიკური კოდი ასწავლის თქვენს იმუნურ სისტემას, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს -ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულებს და ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
- Moderna (აშშ) - ვაქცინის ტიპი: mRNA.
ვირუსის გენეტიკური კოდი ასწავლის თქვენს იმუნურ სისტემას, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
- Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) - ვაქცინის ტიპი: ვექტორული ვაქცინა
უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID 19-ს გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
- Johnson&Johnson (აშშ) - ვაქცინის ტიპი: ვექტორული ვაქცინა
უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID 19-ს გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
- Sinopharm და SinoVac (ჩინეთი) - ვაქცინის ტიპი: დასუსტებული ვირუსი
ეს ვაქცინები ტრადიციული ხერხითაა დამზადებული. ვირუსის დასუსტებელი ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
- Novavax (აშშ) - ვაქცინის ტიპი: პროტეინზე დაფუძნებული ვაქცინა
ვირუსის უვნებელი ელემენტი (პროტეინის ნაწილი) ჩვენს ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს და ის ანტისხეულების გამომუშავებას სწავლობს, შესაბამისად აქაც ორგანიზმი სწავლობს ვირუსთან ბრძოლას.
- Sputnik V (რუსეთი) - ვაქცინის ტიპი: ვექტორული ვაქცინა
უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID 19-ს გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
რამდენჯერ უნდა გავიკეთო?
ვაქცინების უმეტესობა - ორჯერ. თან გაითვალისწინეთ, რომ აცრის შემდეგ, ორგანიზმს გარკვეული დრო სჭირდება იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.
- Pfizer/BioNtech - 2 დოზა, 21 დღის შუალედში
- Moderna - 2 დოზა, 28 დღის შუალედში
- AstraZeneca - 2 დოზა (4-12 კვირის შუალედში)
- Johnson&Johnson - 1 დოზა
- Sinopharm და Sinovac - 2 დოზა, 21 დღის შუალედში
- Novavax - 2 დოზა, 21 დღის შუალედში
- Sputnik V - 2 დოზა, 21 დღის შუალედში
ეფექტიანობა - რა შედეგი აჩვენა კვლევებმა?
ეს შედეგები ვაქცინებმა აჩვენა მეცნიერების მიერ კონტროლირებად, იდეალურთან მიახლოებულ გარემოში.
- Pfizer/BioNtech - 95%, 28 დღე მეორე დოზის მიღებიდან
- Moderna - 94%, 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან
- AstraZeneca - 62% 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან
- Johnson&Johnson - 66.9%, 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან
- Sinopharm -79,3%
- Sinovac - ჯერ ზუსტად არ ვიცით
- Novavax - 89,3%
- Sputnik V - 92%
ეფექტურობა - როგორ მუშაობს რეალურ სამყაროში?
მსოფლიოში პირველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში, 2020 წლის 8 დეკემბერს აიცრა. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაცია ახალი დაწყებულია, მის ეფექტურობაზე ჯერ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს.
როგორც წესი, ვაქცინები რეალურ სამყაროში შედარებით უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე ცდებისას, მაგრამ ისრაელმა მოსახლეობის 56% აცრა და იქ Pfizer-ის ვაქცინამ 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა. იგივე ვაქცინა დიდ ბრიტანეთში 88%-ით ეფექტური იყო 80 წელიწადს გადაცილებულ ადამიანებში.
არსებობს სხვა დამაიმედებელი ნიშნებიც, მაგრამ მეცნიერები ჯერ ფრთხილობენ - ლაბორატორიისგან განსხვავებით, რეალურ სამყაროში დასკვნების გაკეთება ბევრად უფრო რთულია. მათ შორის, უსიმპტომო შემთხვევებისა და ვაქცინების მიმართ არსებული სკეპტიციზმის გამო.
ახალი შტამებისგან თუ დამიცავს?
ვირუსები გამუდმებით მუტირებენ და სახეს იცვლიან. COVID 19-ს ორი მუტირებული შტამი: B.1.1.7 (“ბრიტანული შტამი”) და B.1.351 (“სამხრეთაფრიკული შტამი”) ვირუსის თავდაპირველ ვარიანტზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება.
- Pfizer/BioNtech - 94%-ით ეფექტურია ისრაელში, სადაც შემთხვევების 80% ბრიტანული შტამითაა გამოწვეული. ნაკლებად ეფექტიანი იყო ფსევდოვირუსის წინააღმდეგ, რომელიც “სამხრეთაფრიკული შტამის” მსგავსია.
- Moderna - რეალურ შტამებზე ჯერ არ დაუტესტავთ. იმუშავა ფსევდოვირუსის წინააღმდეგ, რომელიც “ბრიტანული შტამის” მსგავსია, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანი იყო “სამხრეთაფრიკული შტამის” ფსევდოვირუსის წინააღმდეგ.
- AstraZeneca - ნაკლებად ეფექტიანად იცავს ახალგაზრდებს “სამხრეთაფრიკული შტამის” მსუბუქი ფორმებისგან. არ ვიცით, თუ გვიცავს მისი მძიმე ფორმებისგან. დიდი ალბათობით, გვიცავს ბრიტანული შტამისგან.
- Johnson&Johnson - 64%-ით ეფექტურია სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაავადებების 95% პროცენტი B.1.351-ითაა გამოწვეული. “ბრიტანულ შტამზე” ჯერ არ დაუტესტავტთ.
- Sinopharm და Sinovac - ჩინეთის მტკიცებით, ეფექტურად უმკლავდება ორივე შტამს. თუმცა ზუსტი მონაცემები არ გვაქვს.
- Novavax - 89%-ით ეფექტური იყო ცდებისას, სადაც მოხალისეთა ნახევარზე მეტი “ბრიტანული შტამით” იყო ინფიცირებული. “სამხრეთაფრიკული შტამის” წინააღმდეგ მხოლოდ 50%-ითაა ეფექტური.
- Sputnik V - რუსეთის მტკიცებით, ეფექტურად უმკლავდება ორივე შტამს. თუმცა ზუსტი მონაცემები არ გვაქვს.
ასაკობრივი შეზღუდვა?
- Pfizer/BioNtech: 16+
- Moderna: 18+
- Johnson&Johnson: 18+
- AstraZeneca: 16+ და ზოგ ქვეყანაში 65-ს ქვემოთ
- Sinopharm და Sinovac: 18+
- Novavax: 18+
- Sputnik V: 18+
რა გვერდითი მოვლენები აქვს?
- Pfizer/BioNtech და Moderna
ნანემსარი: შესაძლებელია ტკივილი, შეშუპება, გაწითლება
დანარჩენი სხეული: შესაძლებელია შეციება, თავის ტკივილი, დაღლილობის განცდა
- AstraZeneca
ნანემსარი: შესაძლებელია ტკივილი
დანარჩენი სხეული: შესაძლებელია თავის ტკივილი, დაღლილობის განცდა, კუნთების ტკივილი, სიცხე, შეციება, სახსრების ტკივილი, გულისრევა
- Johnson&Johnson
ნანემსარი: შესაძლებელია ტკივილი, შეშუპება, გაწითლება
დანარჩენი სხეული: შესაძლებელია თავის ტკივილი, სიცხე, კუნთების ტკივილი, დაღლილობის განცდა, გულისრევა
- Sputnik, Sinopharm, Sinovac და Novavax
ჯერ ზუსტად არ ვიცით
რა არ ვიცით?
ჯერ გაურკვეველია, რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი და ასუსტებს თუ არა რომელიმე ვაქცინა ვირუსის გავრცელებას.
თუმცა არსებობს დამაიმედებელი კვლევა, რომლის თანახმადაც, Pfizer და Moderna ვირუსის შემცველობას ამცირებს მათ ორგანიზმში, ვინც განმეორებით დაინფიცირდა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო “მეტი” ვირუსი გაქვთ, მით უფრო მარტივად გადასდებთ მას სხვას.
საქართველოში როდის გვექნება?
საქართველოში ვაქცინების შემოტანა დაგვიანდა. ბოლო მონაცემებით, Pfizer-ის 29 250 დოზას მარტის ბოლოს ველოდებით. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტის ბოლოშივე უნდა შემოვიდეს Astrazeneca-ს 45 ათასამდე დოზა. კიდევ 130 ათასზე მეტი დოზა საქართველომ აპრილში უნდა მიიღოს.
კიდევ რა ინფორმაცია დაგაკლდათ? მოგვწერეთ და ვეცდებით, მოგიყვეთ.