რუსთავის შს მომსახურების ცენტრის წინ ასზე მეტი კაცია შეკრებილი. მათ დღის ბოლომდე ახალი ნომრის აღება უნდა მოასწრონ. რიგში დგომა, დაახლოებით, ერთი საათი მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ნომრების შეცვლა 2014 წლიდან დაიწყო, ბევრს დღემდე ძველი ნომერი შერჩა. ძველ ნომერზე სამი ციფრი და სამი ასოა დატანილი, ახალზე კი - სამი ციფრი და ოთხი ასო. ახალი ნომრები ევროპული სტანდარტისაა და საზღვარგარეთ მგზავრობას აიოლებს. გარდა ამისა, მათ მეტი დამცავი საშუალება აქვთ.
Your browser doesn’t support HTML5
ნომრის შეცვლა აუცილებელია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, თუმცა მსუბუქი მანქანების მეპატრონეებს ერთი პრივილეგია აქვთ: მათ შეუძლიათ განაცხადი დისტანციურად, მობილური აპლიკაციის (SAGENCY) მეშვეობით შეავსონ და მიუთითონ, თუ რომელ ცენტრში სურთ ნომრის აღება. ის, ვინც აპლიკაციას დისტანციურად შეავსებს, უფლება აქვს ნომერი თბილისშივე, ქავთარაძის N5ა-ში, აიღოს. სხვა შემთხვევაში ნომრის აღება თბილისის გარდა ყველგან არის შესაძლებელი.
დისტანციური განაცხადის შევსებისას საფასურსაც აპლიკაციის მეშვეობით იხდი: სერიული ნომერი 35 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობა კი, ასევე, 35 ლარი ჯდება. თუკი ვინმეს ინდივიდუალური, ანუ განსაკუთრებული ნომრის აღება სურს, მეტის გადახდა მოუწევს. ასეთი ნომრების ფასი 150-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ის, ვინც აპლიკაციას დისტანციურად შეავსებს, ნომრის ასაღებად მომსახურების ცენტრში უნდა მივიდეს განცხადების შევსებიდან არაუადრეს მე-4 და არაუგვიანეს მე-6 სამუშაო დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდილ თანხასაც დაკარგავს და მთელი პროცედურაც თავიდან ექნება გასავლელი.
„40-45 წუთია, რაც მოვედი, ახალი სანომრე ნიშნები ავიღე. დედლაინი რომ არის, მოსწრებაზეა ყველა და თვის ბოლოსკენ, ალბათ, უფრო დიდი რიგები იქნება. აპლიკაცია არ გამომიყენებია. მარტივად გადავიხადე თანხა და ნომრებს დაველოდე“, -ამბობს ნიკა კურტანიძე.
ნიკა ერთადერთი არ არის, ვინც ასე მოიქცა. ირკვევა, რომ მობილური აპლიკაციის შესახებ ბევრს არც გაუგია, ან გაიგო და მაინც პირდაპირ მისვლა არჩია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ნომრის ასაღებად მაინც მისვლა მოუწევდა. რიგში დგანან ისინიც, ვინც, უბრალოდ, მანქანის გაფორმებას აპირებს.
კიდევ ერთი: ახალი წესების თანახმად, ძველი ნომრების შესაცვლელად საჭირო აღარ არის მანქანა მომსახურების სააგენტოს რომელიმე ცენტრში მიიყვანო შესამოწმებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მანქანა ან სხვისდება, ან შეცვლილია მისი მონაცემები: მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი, მოცულობა და ა.შ.
თუკი ნომრის შეცვლა ვერ მოასწარით
მას, ვინც აპრილამდე ნომრის შეცვლას ვერ მოასწრებს, ძველი ნომრით ქუჩაში მოძრაობის უფლება აღარ ექნება. მანქანა სახლში უნდა დატოვოს, ძველი ნომერი მომსახურების ცენტრში ტექნიკურ პასპორტთან ერთად მიიტანოს, ჩააბაროს და ახალი მიიღოს. ნომრის აღება მაშინვე შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, მსურველს ისევ რიგი არ დახვდა.
ახალი ნომრის შეკვეთა შეიძლება, ასევე, დისტანციურად. ამ შემთხვევაში აუცილებელია განმცხადებელი იყოს მანქანის მეპატრონე და საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე. გარდა ამისა, ნომრის აღება შეუძლია მანქანის თანამესაკუთრესაც, თუ მასზე გაცემულია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, და იმ პირსაც, ვისაც შესაბამისი მინდობილობა აქვს.