გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი მსჯავრდებულიდან ერთ-ერთის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა:
„ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და ეს ქვეყანა არ არის სამართლებრივად შემდგარი. ხალხო, ჩამოშლილია სახელმწიფო!“ - განაცხადა ლელა გოგოლაძემ, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანის უფლებებს იცავდა.
გოგოლაძის მტკიცებით, ადვოკატები ბრძოლას გააგრძელებენ სამართლებრივად და შეიძლება ქუჩაშიც გავიდნენ.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათგან სამს 16-16 წლით პატიმრობა მიესაჯა. 2 არასრულწლოვნის განაჩენი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 22 ივნისს იპოვეს გარდაცვლილი მდინარე არაგვში, მცხეთაში, მას შემდეგ, რაც დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.