პოლიტიკური პარტია "ლელოს" წევრებმა, ლევან სამუშიამ, კახა კოჟორიძემ, თორნიკე ართქმელაძემ გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართეს და მოსთხოვეს, დაიწყოს გამოძიება 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სადაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის და ბერას ყოფილი მენეჯერის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის საუბარი ისმის. ამ ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, მოძებნონ და "ჭკუა ასწავლონ" იმ პირებს, ვინც ფეისბუკზე ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარებს წერს მასზე.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას ნიშნავს და მმართველი პარტიის მსახურებაა.
„დღეს ჩვენ, „ლელოს წევრები“ და იურისტები მოვედით აქ, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ, როგორც იურისტები, ვამბობთ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი. პარტია არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს დანაშაულის ფაქტები, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ - ჩანაწერს არც საქართველოს მთავრობა გამოხმაურებია. ჩანაწერის გავრცელებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ განცხადება გაავრცელა პარტია "ქართულმა ოცნებამ", სადაც არ უარყვეს გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა, მხოლოდ თქვეს, რომ ის იმ დროს არის გაკეთებული, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ იყო და საუბრის მონაწილე არც ერთ პირს საჯარო თანამდებობა არ ეკავა. "ქართული ოცნების" ვერსიის მიხედვით, ჩანაწერი 2010-2011 წელს მიყურადების შედეგად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაციაა, რომელიც ასახავს "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას კომუნიკაციას.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ჩანაწერი "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას საუბრის ფაბრიკაციააჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე აქცია გამართეს აქტივისტებმაც.