წილოსანი: Deepfake-სა და ტყუილებს მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ადეკვატურ რეაგირებას დავიწყებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი "TV პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას Deepfake-სა და ტყუილს ახსენებს. მისი თქმით, საზოგადოება, ერთი მხრივ, გმობს ფარულ ჩანაწერებს, მეორე მხრივ კი "ინტერესით და გაფართოებული თვალებით" ეცნობა.

"ონლაინსამყაროს წესებით, Deepfake-სა და თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შექმნილ ტყუილებს მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას დავიწყებთ.

გუშინ გავრცელებული მდაბიოდ შეკოწიწებული ფეიკ ჩანაწერები, მეტი არაფერია თუ არა დაგეგმილი აქტი კიდევ ერთი მიზეზი მოძებნოს ოპოზიციამ გავიდეს ცივილური სივრციდან რატომ წვალობთ... პირდაპირ თქვით და არ ხართ ცივილური სამყაროს ნაწილი და უკვე სათანადოდ ინფორმირებული საზოგადოება გაგცემთ პასუხს", - წერს "ფეისბუკზე" წილოსანი.

"TV პირველის" გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა არ უარყვეს "ქართულ ოცნებაში". პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არის 2010-2011 წელს მიყურადების შედეგად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია, რომელიც ასახავს "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას კომუნიკაციას.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ჩანაწერი "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას საუბრის ფაბრიკაციაა

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.