"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ჩანაწერი "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას საუბრის ფაბრიკაციაა

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ "TV პირველმა" გუშინ, 6 მარტს, 2010-2011 წელს ჩაწერილი სატელეფონო საუბრების დამონტაჟებული ვერსია გაავრცელა. პარტია გავრცელებულ განცხადებაში ჩანაწერს "საჭირო მომენტისთვის გადანახულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის ასახავს "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილისა და არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილის საუბრის ფრაგმენტებს.

"გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე [2010-2011 წლებში]) "კუდის" მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, "კაგებეს" მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება" მსგავს მეთოდებს არც იყენებდა და არც იყენებს.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად:

"მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება" უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ".

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.