აშშ-მა სანქციები დაუწესა უკრაინელ მილიარდერ იჰორ კოლომოისკის „კორუფციული ქმედებებისთვის“. ამის შესახებ ტვირტერში დაწერა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი სიტყვებით, ოლიგარქი „ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“ უკრაინის სახელმწიფოში. კოლომოისკისთან ერთად სანქციები დაუწესდათ ასევე მის ცოლს, ქალიშვილსა და ვაჟს. ამიერიდან მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
ბლინკენი კოლომოისკის სერიოზულ საფრთხეს უწოდებს უკრაინის მომავლისთვის, იუწყება Reuters-ი. ვითარების კომენტირებისას ბლინკენმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი კვლავაც განაგრძობს უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერას და არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების მიმართ ახალი შეზღუდვების დაწესება კორუფციაში მონაწილეობისთვის.
კოლომოისკი უკრაინის პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან პირად ითვლება. ის მიიჩნევა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საარჩევნო კამპანიის ჩრდილოვან სპონსორად და, შესაბამისად, ადამიანად, რომელსაც უნარი შესწევს, არაფორმალური გავლენა იქონიოს უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
შარშან აგვისტოში FBI-ისა და ფედერალური საგადასახადო სამსახურის აგენტებმა ჩხრეკა ჩაატარეს კომპანია Optima Management Group-ში, რომელსაც კოლომოისკი აკონტროლებს. მაშინ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სამხრეთ ფლორიდის საოლქო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა კოლომოისკის მიერ სახსრების ფაქტობრივი რეცხვის გამო: მას ბრალი დასდეს „პრივატბანკიდან“ მილიარდობით დოლარის გატანაში, რაც შემდეგ კენტუკისა და ტეხასში უძრავი ქონების შეძენაში დაიხარჯა.